4 მაისს გერმანიასა და საფრანგეთში ქართველმა ფორვარდებმა, ბუდუ ზივზივაძემ და ჟორჟ მიქაუტაძემ მორიგი ტურის მატჩები გამართეს.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 32-ე ტურის ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე" სტუმრად „როსტოკს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. ბუდუმ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მეექვსე წუთზე გაიტანა კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 33-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს და დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში, 52-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა (იხილეთ ბმული). 56-ე წუთზე „კარლსრუეს" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. მარვინ ვანიცეკმა კი, სტუმრები დააწინაურა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამ დროისთვის ბუდუს ანგარიშზე 11 გოლი, 1 საგოლე გადაცემაა და ბომბარდირთა დავაში მეცამეტე ადგილზეა. „კარლსრუე" კი, სატურნირო ცხრილში 52 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. 33-ე ტურში, 12 მაისს, ბუდუ ზივზივაძის გუნდი „ჰანოვერს" უმასპინძლებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში, ჟორჟ მიქაუტაძის „მეცმა", „რენს" უმასპინძლა. მასპინძელთა რიგებში მთავარი გმირი კვლავაც ქართველი ფორვარდი იყო, თუმცა მიქაუტაძის ფანტასტიკურმა თამაშმა „მეცს" ვერ უშველა. მე-17 წუთზე ჟორჟმა ლამაზი გოლი გაიტანა და მისი გუნდი დააწინაურა. მალევე, 23-ე წუთზე რენმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ქართველი შემტევის შესანიშნავი თამაშით და საგოლე პასით პაპე დიალომ „მეცი", კვლავ დააწინაურა. 73-ე წუთზე „მეცის" კარში სადაო პენალტი დაინიშნა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა, დამატებით მეორე წუთზე კალიმუენდომ საბოლოო ანგარიში, 2-3 დააფიქსირა. დამატებულ მეოთხე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და მიქაუტაძე მოედნიდან გააძევა (იხილეთ ბმული). რუდი ბუქეს აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეორეფერის ოთახიდან მომენტის გადამოწმებაზე გაუშვეს, თუმცა, მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ „მეცის" სპორტულმა დირექტორმა, პიერ დრეოსიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინციდენტს გუნდი დისციპლინარულ კომიტეტზე განიხილავს: „მსაჯმა, ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ დატოვა ეს გაუგებარი გადაწყვეტილება. ვეცდებით, დისციპლინარულ კომიტეტს ავუხსნათ, რომ ჟორჟ მიქაუტაძისთვის მთავარ არბიტრს წითელი ბარათი საერთოდ არ უნდა ეჩვენებინა", - ამბობს დრეოსი.
ამრიგად, მეცი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გუნდი გასავარდნ ზონაშია. მომდევნო ტურში, 12 მაისს, მიქაუტაძის გუნდი მის გარეშე სტუმრად „სტრასბურს" დაუპირისპირდება. ბოლო ტურში, 19 მაისს კი „მეცი", საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს უმასპინძლებს.
ფოტო: © ksc.de / fcmetz.com