ქართველმა ლეგიონერებმა ევროპულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს.
3 მაისს, პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია" მესამეადგილოსან „გორნიკს" დაუპირისპირდა. ქართველი მცველის გუნდმა მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 სძლია და ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულაც მოიპოვა. კაკაბაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. დაცვაში ქართველი ფეხბურთელი შესანიშნავად იდგა, 53-ე წუთზე კი „გორნიკის" მცველების შეცდომით ისარგებლა და გოლიც გაიტანა. 31-ე ტურის შემდეგ „კრაკოვია" პოლონეთის ჩემპიონატში 36 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სტუმრად „სლასკს" დაუპირისპირდება.
პოლონეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, ნიკა კვეკვესკირის გუნდი, „ლეხი" კი, სტუმრად, „რუხს" დაუპირისპირდა. კვეკვემ, მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, ქართველი ნახევარმცველის გუნდი მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ლეხი" „იაგელონიასთან" საჩემპიონო რბოლაშია. ბოლო მარცხის შემდეგ კვეკვესკირის გუნდი მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩება. ექსტრაკლასაში კი, 3 ტურია დარჩენილი. 32-ე ტურში „ლეხი" „ლეგიას" უმასპინძლებს.
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილმა მორიგი ლამაზი გოლი გაიტანა. 36-ე ტურში, „ბორდომ", „აიაჩოს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა. ზურიკომ კი მორიგი გოლი გაიტანა (26 მარტის შემდეგ 4 გოლი და 3 პასი) და ამ დროისთვის მის ანგარიშზე 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 37-ე ტურში, „ბორდო", „კონკარნოს" დაუპირისპირდება.
ესპანეთის ლა-ლიგა 2-ის 38-ე ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე", „ვილიარეალ B"-ს ესტუმრა და დამაჯერებლად, 3-0 იმარჯვა. ქოჩორაშვილი მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.8 დაიმსახურა. 38 ტურის შემდეგ ქართველი ნახევარმცველის გუნდი ლა-ლიგაში დაწინაურების შანსს კვლავაც ინარჩუნებს. ლევანტეს 55 ქულა აქვს და მერვე ადგილზე იმყოფება. 55 ქულა აქვს ასევე „რასინ სანტენდერსაც", რომელიც 38-ე ტურის მატჩს ხვალ, „ელჩეს" წინააღმდეგ გამართავს. ლა-ლიგა 2-ის დასრულებამდე 4 ტური დარჩა, ქოჩორაშვილის გუნდი კი 39-ე ტურში მესამეადგილოსან „ეიბარს" უმასპინძლებს.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა", ავსტრიის თასი მოიგო.