ცოტა ხნის წინ ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებების 2024-25 წლების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირების წილისყრა გაიმართა.
17-წლამდე ევროპის ჩემპიონატს, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება, 2025 წელს ფინალური ტურნირით ალბანეთი უმასპინძლებს. მანამდე კი, დღეს წილის ყრის შედეგად 14 ჯგუფი ჩამოყალიბდა, მაშ შორის 12 ოთხგუნდიანი, ორი კი სამი ნაკრებისგან დაკომპლექტდა.
საქართველოს 17-წლამდეთა ნაკრები მეორე ჯგუფში პოლონეთის, სლოვენიისა და სომხეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. თამაშები ორ ეტაპად (რაუნდად) 2024 წლის შემოდგომასა და 2025 წლის გაზაფხულზე გაიმართება, ე.წ. მინი-ტურნირების ფორმატით.
პირველი რაუნდის შემდეგ, გუნდები ორ ლიგაში A (28 გუნდი) და B (26 გუნდი) გადანაწილდებიან და ამ მოცემულობით ჩაატარებენ მეორე რაუნდს. შესაბამისად, დღეს დაკომპლექტებული 14 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი A ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს. მეორე რაუნდიდან ალბანეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე გავა 7 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. მათ კი, ალბანეთი დაემატება და აღნიშნულ 8 გუნდს შორის გათამაშდება ჩემპიონის ტიტულიც. B ლიგის გუნდები შეეცდებიან ერთი ლიგით აღზევდნენ და 2026-2027 წლების გათამაშებაში, უკვე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლონ. შესაბამისად, A ლიგიდან რამდენიმე გუნდს, ჩამოქვეითება მოუწევს.
თუ სად ჩატარდება მინი -ტურნირები უეფა-ში მომდევნო კვირაში გაირკვევა. იმავე დღეს გაირკვევა 19-წლამდე ანალოგიური ჩემპიონატის მინი-ტურნირების გამართვის ადგილიც.
განსხვავებით 17-წლამდეთა ჩემპიონატიდან, ამ ასაკობრივ კატეგორიაში 13 ჯგუფი შეიქმნა, სადაც გათამაშება, ასევე შემოდგომით ჩატარდება. საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრები მე-9 ჯგუფში ნორვეგიის, შვედეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. აქ, ფინალურ ეტაპზე პირდაპირი თამაშის უფლება, მასპინძლის რანგში რუმინეთის ნაკრებმა მოიპოვა. 52 ქვეყანა კი საკვალიფიკაციო ტურნირიდან დაიწყებს ფინალამდე გზის გაკაფვას.
საკვალიფიკაციო მინი-ტურნირები 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდება:
2-10 სექტემბერი
7-15 ოქტომბერი
11-19 ნოემბერი
საუკეთესო შედეგის ორ-ორი გუნდი და საუკეთესო მესამე შედეგის მქონე ერთი გუნდი, უკვე 2025 წლის გაზაფხულზე ელიტ-რაუნდში გადაინაცვლებენ, სადაც მათ პორტუგალიის 19-წლამდეთა ნაკრები შეუერთდება. ელიტ-რაუნდის 7 ჯგუფის გამარჯვებული კი, ფინალურ საგზურებს დაეუფლება.
ფოტო: © Ben McShane - Sportsfile/UEFA via Getty Images / © Domenic Aquilina supplied by Malta Football Association