საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები 9 მაისს თბილისში, თბილისი არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის შეხვედრას გამართავს. საქართველოს ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდება.
2024 წელს, ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ახალ „ავანტიურაში" გაება, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, სადებიუტო გამარჯვებაც მოიპოვა, როდესაც ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ნაკრები მძიმე ბრძოლაში 22-19 დაამარცხა.
იმავე ევროპის ჩემპიონატზე, ავსტრიის ნაკრებმა, ჯგუფში რუმინეთის დამარცხება მოახერხა. ფრედ ითამაშა ხორვატიასა და ესპანეთის წინააღმდეგ და ფლეი-ოფში გავიდა, სადაც ფრე ითამაშა მასპინძელ გერმანიასთან, მოიგო უნგრეთს, საფრანგეთთან და ისლანდიასთან კი, მარცხი განიცადა.
აქვე გეტყვით, რომ 9 და 12 მაისის თამაშების მოსამზადებელი თამაშები ტიტე კალანდაძის გუნდმა, 15 და 16 მარტს, EHF კვირეულის ფარგლებში პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ორის სპარინგი გამართა და ორივეში დამარცხდა. 15 მარტს გამართული შეხვედრა მონტენეგროს გამარჯვებით, 34-20 დასრულდა. 16 მარტს კი, მასპინძლებმა, 10-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს, 29-19. აღსანიშნავია, რომ იმ სპარინგებში, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში არ იყვნენ გორგი ცხოვრებაძე და თეიმურაზ ორჯონიკიძე. აქილევსის ტრავმის მიზეზით ორჯონიკიძეს და საზარდულის ტრავმა ცხოვრებაძეს, სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდნენ. ტრავმების გამო, არ იყვნენ ნაკრებთან ერთად, არც მირიან გავაშელიშვილი და სანდრო დარსანია. რეაბილიტაციის კურსს გადიოდა ნიკოლოზ კალანდაძეც, რომელიც ჩვენს ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატზე ეხმარებოდა. ამ დეტალების გათვალისწინებით, მარტში, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ მაისის თამაშებისთვის ყველა ტრავმირებული ხელბურთელი ჯანმრთელი და შესაბამის ფორმაში იქნებოდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, მაისის თამაშებისთვის შეკრებას 6 მაისს დაიწყებს. თბილისი არენაზე, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებების დაპირისპირება 9 მაისს 18:00 დაიწყება. საპასუხო მატჩი კი, 12 მაისს 18:00 საათზე ვენაში ჩატარდება.
მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში ხორვატიაში, დანიასა და ნორვეგიაში ტარდება. შესაბამისად, ამ ქვეყნის ნაკრებებს, მასში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიენიჭათ. მათ ევროპის ჩემპიონატის სამი საუკეთესო ნაკრები გუნდი - საფრანგეთი, გერმანია და შვედეთი დაემატებიან. ახლა, გათამაშება ორ-მატჩიანი დუელების ეტაპზეა, საიდანაც საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატის 11 საგზურის მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი ევროპიდან.