ერთ-ერთი წყვილი, ვის გამოც ქართველმა სპორტის მოყვარულმა ფიგურული სრიალის ყურება და ქომაგობა დაიწყო მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილია. სწორედ, მარიასა და გიორგის წყვილმა საქართველოს, პირველი, ისტორიული გამარჯვება მოუტანა ახალგაზრდათა მსოფლიო თასის ფინალზე. მათი გამარჯვების შემდეგაც, ისტორიაში პირველად აჟღერდა ქართული ჰიმნი საერთაშორისო, უმაღლესი რანგის ჩემპიონატზე. ამავე სპორტულ სეზონში წყვილმა ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2022 წელს კი, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ პირველობაში იასპარეზეს.
თუმცა, როგორც ჩანს, მუდამ მხიარული მარიასა და სერიოზული გიორგი სპორტული გზები 7 წლიანი პარტნიორობის შემდეგ გაიყოფა. ინფორმაცია მაშა კაზაკოვამ და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ თითქმის ერთდროულად გაავრცელეს. „მოციგურავეებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაესრულებინათ პარტნიორობა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ მოღვაწეობა. მარია კაზაკოვა აცხადებს, რომ სურს ახალი სპორტული პარტნიორის მოძიება და კარიერის გაგრძელება. გიორგი რევია ჯერჯერობით თავს იკავებს განცხადების გაკეთებისგან", - ნათქვამია ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში. ჩვენი გვერდი ფედერაციის პრეზიდენტს, მარიამ გიორგობიანს დაუკავშირდა და ამბის დაკონკრეტება სთხოვა.
„ჯერ გაურკვევლობაა, გიორგი ისევ ტრავმებს ებრძვის და მარიას გაგებაც შეიძლება. მას ჯანმრთელობა ხელს უწყობს და ასპარეზობა უნდა", - ამბობს გიორგობიანი.
გემახსოვრებათ, გიორგი რევიას ტრავმის გამო, 2023-2024 წლების სეზონი წყვილს სრულად გაუცდა. მარია დამოუკიდებლად ვარჯიშობდა. გიორგიმ კი, თებერვალში ფეხზე ოპერაციაც ჩაიტარა. თუმცა, მანამდე, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა საქართველოს 2023-2024 წლის ეროვნული ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.
გამომდინარე, რომ კაზაკოვას, უკვე კარგა ხანია ქართველი ქომაგი საკუთარ სპორტსმენად თვლის, ჩვენც დავინტერესდით რამდენად არის იმის შანსი, რომ მარიამ, მომავალშიც საქართველოს სახელით იასპარეზოს. ამ გარემოებას, ჩვენს ფედერაციაშიც არ გამორიცხავენ.
„კი, რა თქმა უნდა იმის შანსი, რომ მარია კვლავ საქართველოს გუნდის სახელით გამოვიდეს არის. თუმცა, მასაც ხომ სჭირდება პარტნიორი? ჩვენი მხრიდან ვეცდებით, შევურჩიოთ შესაფერისი მეწყვილე - ამბობს მარიამ გიორგობიანი და ვიდრე, კაზაკოვა-რევიას აწ უკვე დაშლილი წყვილის შესახებ ახალი დეტალები გახდება ცნობილი, ფედერაციის სახელით, დიდი მადლობას უხდის მარიასა და გიორგის გაწეული ძალისხმევისთვის.