დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლი დაიწყო. ირის ანტმანის გაწვრთნილმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე, რომელზეც ქალთა ეროვნულს ჯერ მარცხი არ განუცდია, ლიეტუვას ნაკრებთან ფრედ 2-2 ითამაშა.
მატჩის შესახებ საუბარს იმით დავიწყებ, რომ პირველად, ქართული ქალთა ფეხბურთის ისტორიაში, მესხი 2-ის ტრიბუნა სავსე იყო ქომაგებით. შეხვედრას, ქართული მხარედანაც პირველად დაესწრნენ ოფიციალური წარმომადგენლები. საქართველო-ლიეტუვას შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მატჩის დასრულების შემდეგ, გოგოები გასახდელში მოინახულა კიდეც და წარმატება უსურვა მომავალ თამაშებში. 90 წუთის მანძილზე, არ გაჩერებულა „ქომაგების" ტრიბუნა, რომელზეც, დღეს „დირიჟორები" ბიჭებთან ერთად, ქალებიც იყვნენ. ეს გარემო კი, 26 მარტის გამოძახილია, რომელიც თუ უფრო აგორდება, მხოლოდ, ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ.
უშუალოდ თამაშთან დაკავშირებით, რეალობას ვერ დავემალებით და ის თანაბარი იყო. სადაც, პირველ ტაიმში, ალბათ უფრო მეტი მომენტის რეალიზების შემთხვევაში, მატჩს ჩვენ მოვიგებდით და ქართველ გოგონათა ნანატრი რევანშიც, ლიეტუვას ნაკრებთან გამართული 2023 წლის 31 ოქტომბრის მატჩის შემდეგ შედგებოდა. ამის საბაბი, შეხვედრის პირველ 20 წუთში (12' 19') თეონა ბაქრაძის გატანილმა ორმა გოლმა მოგვცა. ამას გარდა, კარგი შანსები ჰქონდა ნინო ბუხრიკიძეს და თინათინ ამბალიასაც. თუმცა, ამ დღეს, ჩვენმა გუნდმა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა, ვერც ამ და ვერც, მომდევნო ტაიმში.
„მოსაგები თამაში იყო, თუმცა, 2-2 არ არის ცუდი შედეგი. მადლობა გოგონებს. ვეცდებით, რომ მომდევნო თამაშებისთვის დადებითი მუხტი შევინარჩუნოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარს მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის," - ამბობს თეონა ბაქრაძე, ქართული გუნდიდან დუბლის ავტორი.
კიდევ ერთი მომენტი, ალბათ, ისევ და ისევ ზემოთ ნახსენები ოქტომბრის მატჩიდან გამომდინარე გამოძახილი უფრო იყო, ირის ანტმანის შტაბმა დღეს, ასე ვთქვათ „უკნიდან" გადაწყვიტა თამაში. ამას კიდევ ერთი მიზეზი, გამოცდილი ტრავმირებული ფეხბურთელების, მათ შორის თამარ ტატუაშვილის არყოფნა დაემატა. შესაბამისად, ამ ფაქტორმა, ოდნავ დააპაუზა მაგალითად, ნათია დანელიას ქმედებები, თუმცა, თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმში გატანილი მეორე გოლის შემდეგ, სწრაფად მიღებულ საპასუხო გოლს, ქართველთა დაცვამ ურიგოდ არ იმოქმედა.
რეალურად, სტუმართა გუნდმა, „გაცოცხლება" სწორედ მე-20 წუთიდან დაიწყო. გატანილი გოლის შემდეგ კი, ჩვენი აზრით, უხეშობებსაც უმატა, თუმცა, სომეხი არბიტრი არაქსია სარიბეკიანისთვის, როგორ ჩანს, ქართველები „გასაყვითებლად" უფრო „გემრიელი ლუკმა" იყო.
„პირველ ტაიმში, რამდენჯერმე ძალიან უხეშად ეთამაშნენ ჩემს ფეხბურთელებს და მსაჯმა ეს მომენტები გაატარა. მეორეში უბრალოდ, გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება... არ ვაპირებ ამ დეტალებზე ბევრ ფიქრს, რადგან წინ უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალია- მომავალი თამაში. ბელარუსთან რთული თამაში გველის და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ", - ამბობს ირის ანტმანი, რომელმაც სომეხი არბიტრისგან ყვითელი ბარათი მიიღო.
რეალურად, ანტმანის დაცვის ხაზის ამ შეხვედრაში რამდენჯერმე შეცდა. აქედან, ორ ვარიანტში გოლი გავიდა ჩვენს კარში და შესაბამისად, 2 ქულაც გაიყოლა. დანარჩენში კი, თათია გაბუნიამ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარემ გამოიჩინა თავი.
„ცოტა უცნაური შეგრძნებაა, როდესაც ტრიბუნებიდან შენი სახელი ისმის. ძალიან სასიამოვნოა და უფრო მეტის გაკეთების სურვილს განიჭებს. გინდა, რომ იმაზე უფრო მაგარი იყო, ვიდრე დღეს ხარ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენს გვერდით იდგა", - თათია გაბუნია.
საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა და ევროპის 2025 წლის შესარჩევი ჯგუფის პირველი ტურის შემდეგ, საქართველო ლოეტუვასთან ერთად მე-2-3 ადგილებს იყოფს. თუმცა, მომდევნო ტურში, ორივე გუნდს, განსხვავებული მეტოქე ჰყავს. საქართველოს, ჯგუფის ფავორიტი ბელარუსი, რომელმაც კვიპროსზე, მასპინძელთა გუნდი დაამარცხა 0-3. ლიეტუველებს კი, სახლში მოუწევთ კვიპროსის ნაკრების მასპინძლობა.
„მოედანზე 11-ნი არა, დღეს 12 მოთამაშით ვიყავით და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს. ის რომ რამდენიმე დღის წინ საქართველო კაცთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა, მათი დიდი წვლილია და დღესაც, მათი გვერდში დგომა, გოგოებს ძალიან დაეხმარა. იმედი მაქვს, მომავალშიც, ჩვენს თამაშებზე გააგრძელებენ სიარულს და ამ მხრივ, დაგვეხმარებიან", - ამბობს ირისი ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მატჩის დასრულების შემდეგ.
სხვთა შორის, მატჩზე დასწრების სურვილი, კვიპროსზე მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ. საქართველოს ნაკრები, ბელარუსს, სწორედ კვიპროსზე დაუპირისპირდება. უეფა-ს რეგულაციების მიხედვით, ამ ქვეყნის ნაკრებს თამაშის უფლება, მხოლოდ ნეიტრალურ მოედნებზე დართეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსმა, კვიპროსზე „გასვლითი" თამაში ჩაატარა, კვიპროსული სტადიონი - Ethnikos Achnas, მათთვის ისეც და ასეც უკვე „საშინაო" გამოდის. ამასთან, თუკი, კვიპროსის ნაკრების თამაშზე, ადგილობრივი გულშემატკივარი დაუშვეს, ქართველებთან მატჩზე, უეფა-ს გადაწყვეტილებით გულშემატკივარს არ დაუშვებენ, არც ბელარუსებს, რომლებიც საკმაოდ ბევრნი ცხოვრობენ კუნძულზე და არც ქართველებს, რომლებიც, ისევე, როგორც 2023 წლის ივნისში, ვაჟთა ეროვნული ნაკრების თამაშის დროს, ახლაც მზად იყვნენ დარაზმულიყვნენ და ქართველთა ქალთა გუნდისთვის ექომაგათ.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კვიპროსზე, ხვალ გამთენიისას გაემგზავრება და ლარნაკაში დაბინავდება. შესარჩევი ჯგუფის მეორე შეხვედრა კი, 9 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.