ევროპის ჩემპიონატის გუნდური მეორე ადგილი
ევროპის ჩემპიონატის გუნდური მეორე ადგილი
05.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გიმარაეშში, დღეს, ევროპის ჩემპიონატის გუნდური მეორე ადგილი და შესაბამისად ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი ბატუტზე მხტომელთა ქართულმა გუნდმა მოიპოვა. ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა ფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ და გამარჯვებამდე, დაძაბულ ბრძოლაში მცირედი დააკლდათ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიაში 3 აპრილიდან 7 აპრილის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატი როგორც ახალგაზრდებს, ასევე სენიორებს შორის იმართება. სენიორები მედლებისთვის ბრძოლაში დღეიდან ჩაერთვნენ. მანამდე, ბატუტზე ხტომის ქართულ ისტორიაში, გუნდური ოქრო, პირველად, ჩვენმა ახალგაზრდულმა გოგონათა გუნდმა ნინო ქორიძის, ანა ლაპიაშვილისა და მაია ბოჭორიძის შემადგენლობით მოიპოვა.


აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზო ლიცენზია, ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ფედერაციის ცნობით, გამოცდილ ოლიმპიელს ლუბა გოლოვინას აქვს მოპოვებული, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩინოვნიკური ფურცელომანიისა და დაუდევრობის გამო გაუცდა.


ფოტო:@Filippo Tomasi