პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში, ვიდრე უფროსი ბატუტზე მხტომელები დაიწყებენ ასპარეზობას, ოქროს მედლები ქართველთა ახალგაზრდულმა გუნდმა მოიპოვა. ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე ევროპის ჩემპიონები არიან ახალგაზრდებს შორის. აღსანიშნავია, რომ ქართულმა სამეულმა კვალიფიკაციაში პირველი შედეგი აჩვენა. ჩვენებმა, 276 ქულა დააგროვეს და შემდეგ, საუკეთესო შედეგით იასპარეზე ფინალშიც, სადაც იტალიელთა გუნდს, 1 ქულით აჯობეს. ბრინჯაოს მედლები გერმანელმა გოგონებმა მოიპოვეს.
უკვე დღეიდან, გიმარაეშში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უფროსები დაიწყებენ ასპარეზობას. გუნდურ შეჯიბრში ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვა, თეონა ჯანჯღავა და ანანო აფაქიძე ჩაერთვებიან.
ევროპის ჩემპიონატი 3-7 აპრილის ჩათვლით როგორც ახალგაზრდულ ასევე, უფროს სპორტსმენთა შორის მიმდინარეობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბატუტზე ხტომის საერთო ფედერაციის მონაცემებით ლუბა გოლოვინა პარიზის ოლიმპიური თამაშებზე იასპარეზებს.
ფოტო: @European Gymnastics / საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია