ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო დღეს და ქართული გუნდის პირველი გუნდური ადგილი მშობლიურ გრა სლემზე
ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო დღეს და ქართული გუნდის პირველი გუნდური ადგილი მშობლიურ გრა სლემზე
24.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის გრან სლემის, მესამე საშეჯიბრო დღის ფინალურ ბლოკში გასული ექვსი ქართველიდან, რომელთაგანაც ორი მართალია სხვა ქვეყნის (ესპანეთისა და აზერბაიჯანის) სახელით ასპარეზობდა, ხუთმა მედალი მოიპოვა!

-90კგ წონითი კატეგორია ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა.  ბექაურმა რომელმაც მეორე წრიდან დაიწო, ფინალის ჩათვლით ყველა დაპირისპირება დროზე ადრე ან ორი ვაზარით, ან იპონით მოიგო.




-100კგ-ში ნიკოლოზ შერაზადიშვილმა არავის დაუთმო პირველობა. ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, 1/8 ფინალში, გერმანიის დროშის ქვეშ მოასპარეზე გიორგი უძილაური, 1/2 ფინალში კი, საქართველოს გუნდის წევრი 20 წლის მიხეილ ჯაფარიძე, შეიძლება ითქვას, გამოცდილების ხარჯზე დაამარცხა. სხვათა შორის, ჯაფარიძემ, საკმაოდ სტაბილურად იასპარეზა და რეალურად, როგორც აღვნიშნეთ, ცოტა გამოცდილება დააკლდა.




+100კგ წონით კატეგორიაში, შეუჩერებელი იყო გურამ თუშიშვილი, რომელიც საბოლოოდ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამასთან, თუშიმ ფინალში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა. თავის მხრივ, კოკაურმა, 1/2 ფინალში გადმოსასვლელ დაპირისპირებაში ჩვენს საბა ინანეიშვილს მოიგო, საბოლოოდ მას ვერცხლი, საბამ კი, ბრინჯაოს ფინალში გამარჯვების შემდგე, თბილისის გრან სლემის ბრინჯაო მოიგო.  და კვლავ თუშიშვილს, რომ დავუბრუნდეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ჯუდოკამ, ყველა დაპირისპირება იპონით მოიგო.




აქვე შეგახსენებთ, რომ ვაჟთა შორის, ისევე, როგორც თბილისის გრან სლემის პირველ ორ საასპარეზო დღეს, ამჯერადაც ვაჟთა გუნდი, თითო წონაში 4-4 წარმომადგენლით ასპარეზობდა. კიდევ ორ წონით კატეგორიაში, მხოლოდ ქალთა შორის, ამჯერად წარუმატებელი სტარტი იყო ჩვენი გოგონებისთვის, -70კგ წონით კატეგორიაში ეკა ზამთარაშვილისთვის და -78კგ წონაში სოფიო სომხიშვილისთვის. იმასაც გეტყვით, რომ გოგონათა გუნდი, თბილისის გრან სლემზე ყველა წონაში იყვნენ წარმოდგენილნი. ქართული გუნდისთვის პირველი ოქრო კი, სწორედ გოგონათა წარმომადგენელმა და ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა მოიგო. კიდევ ერთი ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილის ანგარიშზეა.




შეგახსენებთ იმასაც, რომ საერთო ჯამში, ქართულმა გუნდმა ვაჟთა შორის სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიგეს, გოგონებმა კი, ერთი ოქროსი. ამ მაჩვენებლით, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან სლემზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.




და ბოლოს თემა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, ავთანდილი ჭრიკიშვილის შემდეგ, რომელიც თბილისის გრან სლემის მეორე სააპსარეზო დღეს გააცილეს დიდი სპორტიდან, დღეს, თითქმის გადავსებული „თბილისი არენა" ჯუდოს ბოლო წლების ლეგენდარულ კაპიტანს ვარლამ ლიპარტელიანს დაემშვიდობა. ქართული ჯუდოს ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელმა გამოსამშვიდობებელი სპარინგის, IJF-ის მსოფლიო ტურის გრან სლემების ეტაპზე, სამ შვილთან გამართა. შეხვედრას კი, ვლადიმერ ნუცუბიძე სჯიდა.