ფიგურულ ციგურაობაში ქართველი ქომაგი ნიშნულს მაღლა სწევს - საამისო საბაბი არის!
ფიგურულ ციგურაობაში ქართველი ქომაგი ნიშნულს მაღლა სწევს - საამისო საბაბი არის!
24.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მადა ჭამაში მოდისო და ჩვენც, ფიგურულ ციგურაობაში, მსოფლიო ჩემპიონატზეც კი, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდული შემადგენლობით ვმონაწილეობთ, მხოლოდ მაღალ ადგილებზე და უფრო მეტიც, მედლებზე გაგვიჩნდა პრეტენზია. თუმცა, ამ ჯერზე, ალბათ, მედლის მოგების ერთადერთი რეალური კანდიდატი ანასტასია გუბანოვა იყო, რომელსაც ამ რანგის ტურნირზე ასპარეზობის გამოცდილება ჰქონდა. თუმცა, მომენტალური კონცენტრაციის დაკარგვა, საბოლოოდ, „გუბანჩიკს" მე-13 ადგილად დაუჯდა.

მე-13 პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძემაც. ეთერ თუთბერიძის შეგირდმა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-7 პოზიციაზე იყო, თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შესრულებული ოთხმაგი ტულუპით გახსნა. თუმცა, მეორე ელემენტის შესრულებამდე უწყინარ ვითარებაში, ბორტს მიეჯახა და ყინულზე დაეცა. როგორ ჩანს, ამ დეტალმა ეგაძის მთელს გამოსვლას დაღი დაასვა, რადგან სპორტსმენს, დარჩენილი 11 ელემენტის შესრულებისას, მცირე ნერვიულობა ეტყობოდა. საერთო ჯამში, Moulin Rouge-ზე აგებული პროგრამის (4T, 4S+3T, 4S, 3A+2A+SEQ, FCSp, StSq, 3A+1Eu+3S, 3F, 3Lz, CCoSp, ChSq, FCCoSp) შესრულებისას, დაანონსებული ოთხმაგი სალჰოვის კომბინაციაში, მხოლოდ ორმაგი ტულუპი შეასრულა ნაცვლად, სამმაგისა, თუმცა, ეს ელემენტი ქართველს ჩაუთვალეს. აი მომდევნო ორი, კი ტექნიკურმა პანელმა გააწითლა. ისევე როგორც მე-7 ელემენტი. აი, მერვე კი საბოლოო ვერდიქტისთვის შემოიტოვა. რეალურად, ქართველს, 10-ეულში მოსახვედრად სწორედ ეს ქულები დააკლდა. თავისუფალ პროგრამაში ნიკა ეგაძემ, 149.47 (76.64 /       74.83) ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზე გავიდა. ორი პროგრამის ჯამში კი, ეგაძემ 241.55 ქულა დააგროვა, პირად საუკეთესო შედეგამდე ცოტა დააკლდა, ორი პროგრამის ჯამში კი, როგორც აღვნიშნეთ, მე-13 ადგილი დაიკავა.


სხვათა შორის, კანადაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე რეკორდი დამყარდა, ვაჟთა შორის ასპარეზობაში. თუმცა, ილია მალინინმა, თავისუფალი პროგრამის შესრულებისას ექვსი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, მათ შორის ტექნიკურად ურთულესი ოთხნახევარი აქსელი, ყველაზე მაღალი ღირებულების სამნახევარი აქსელისა და სამმაგი ლუცის კომბინაცია და თავისუფალ პროგრამაში 227.75 ქულა, ორი პროგრამის ჯამში მიღებული 333.76 ქულა, კი არაა გამორიცხული კარგა ხანი მიუღწეველიც იყოს.


სპორტულ ცეკვებში დაიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის გამოსვლა თავისუფალი პროგრამაში იყო უნაკლო და ალბათ, მომავალში, ახალგაზრდა წყვილს საქართველოდან, რომელთათვისაც ეს, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი იყო, უფრო მაღალ ადგილზე და თუნდაც, მედალზე ექნებათ პრეტენზია. საკმაოდ მსუბუქად, მაღალ ტემპში შესრულებული დახვეწილი პროგრამა  (OFT, SlLi+RoLi, SyTw, MiSt, ChSl, DSp, ChSt, CuLi, ChLi), სრულიად სინთეზში მუსიკასთან, რომელიც რიტმულ ცეკვებში წარმოდგენილი Bad, Liberian Girl, Cheater-ის შემდეგ, ამჯერად, ჩაიკოვსკის „გედების ტბა" იყო.  წყვილმა, 113.88 (63.24 / 50.64) ქულით მე-14 ადგილი დაიკავა. ორი პროგრამის ჯამში კი, 188.34 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილზე გავიდა და 10-ულამდე ცოტა დააკლდა.


დაიანა ეთერ თუთბერიძის შვილია. რატომღაც იქმნება შთაბეჭდილება, ეთერის ძლიერი და გამორჩეული შეგირდების, არყოფნის დროს, მსაჯთა გარკვეულმა კატეგორიამ აგრესია მის შვილზე, დაიანაზე გადმოიტანა. თუმცა, ამასაც მოევლება. თქვენ კი, გირჩევთ, რომ აუცილებლად, ამ წყვილს და საერთოდ, ჩვენი გუნდის წევრებს მიაქციოთ ყურადღება, რადგან მათი გამოსვლებით ნამდვილად ისიამოვნებთ.


აქვე შეგახსენებთ, რომ სპორტულ წყვილებში, მე-7 ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავა.