შავიმ თბილისის გრან სლემი კვლავ მოიგო
შავიმ თბილისის გრან სლემი კვლავ მოიგო
23.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლაშა შავდათუაშვილმა ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თბილისის გრან სლემი კვლავ მოიგო. თბილისი არენაზე IJF-ის მსოფლიო ტურნეს მეორე დღეს, საქართველოს ჰიმნი კიდევ ერთხელ გაჟღერდა, „შავიმ" კი აქტივში, მეხუთე მოგებული გრან სლემი მიიწერა.

-73 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და გერმანელი, ირლანდიელი და კორეელის მეტოქეები ასპარეზობას გამოთიშა, ბადე მოიგო და 1/2 ფინალში ისრაელის წარმომადგენელი ტოჰარ ბუტბული დაამარცხა. ქართველის მეტოქე ფინალში, დამოუკიდებელი გუნდის სახელით მოასპარეზე კარენ გალსტიანი იყო. ქართველს ოქროს მედლის მოსაგებად სულ 20 წამი დასჭირდა.



თბილისის გრან სლემზე დღეს, მედლების ოთხი კომპლექტი (ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ) გათამაშდა. ქართველთა გუნდიდან ასპარეზობა 12 ჯუდოკამ დაიწყო, თუმცა, შავის გარდა, მხოლოდ, -81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დიმიტრი გოჩილაიძემ მოახერხა რეპეჟაში მოხვედრა, მაგრამ დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამ წონაში, დღის ბოლოს კვარცხლბეკზე ერთი ქართველი მაინც იდგა. არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილმა, ბრინჯაოს ფინალში სწორედ, იმ ბრაზილიელ გაბრიელ ფალკაოს მოუგო, რომელმაც გოჩილაიძე დაამარცხა.




დღესვე, დიდი სპორტიდან ქართული ძიუდოს ერთ-ერთი თვითმყოფადი სახე ავთანდილ ჭრიკიშვილი გააცილეს.


ხვალ, 24 მარტს, თბილისის გრან სლემის ბოლო დღეს, მედლები ქალთა შორის -78კგ, +78კგ, კაცებში კი,  -90კგ, -100კგ, +100კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ქართველთაგან, თბილისურ ტატამზე გამოვლენ:


-90 კგ / ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე.

-100 კგ / მიხეილ ჯაფარიძე, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე, სოსო ებილაშვილი.

+100 კგ / გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, უჩა ტაბატაძე.

-78 კგ  / ეკა ზამთარაშვილი.

+78 კგ  / სოფიო სომხიშვილი.


ხვალინდელ დღეს, ტურნირზე ქართველი მამლუქებიც იასპარეზებენ. მათ შორის იქნებიან ნიკოლოზ შერაზადიშვილი, გიორგი უძილაური, უშანგი კოკაური.