დასანანი მარცხი მისაღები თამაშის ფონზე
დასანანი მარცხი მისაღები თამაშის ფონზე
17.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ფარერის კუნძულებზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ქართველ 17-წლამდე გოგონებს, კარგი შანსი აქვთ, B ლიგიდან A ლიგაში დაწინაურდნენ. ამისთვის კი, სალომე ხუბულურის გუნდს, მასპინძელი ფარერის კუნძულების, რუმინეთისა და ლატვიის 17-წლამდე გოგონათა ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

სასტარტო შეხვედრაში ქართველთა გუნდი რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 2-1 დამარცხდა. ალბათ, თავიდანვე უნდა ვთქვათ, თამაში, რეალურად რუმინელთა მეკარემ ალესია მოლდოვანიმ მოგვიგო, რომელმაც თითო ტაიმში, თითო „მკვდარი ბურთი" აიღო. თითოჯერ ორივე გუნდის კარი ხარიხამ იხსნა, პირველში რუმინელები, ანანო წიქარიძის დარტყმის შემდეგ, შეხვედრის მე-10 წუთზე და მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე ჩვენი კარი.


ანგარიშისა და რიგ მომენტებში ქაოტური თამაშის მიუხედავად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ დომინანტი საქართველოს ნაკრები იყო, რომელიც ბურთს მთელი შეხვედრის მანძილზე აკონტროლებდა, თუმცა, მე-16 წუთზე სტანდარტულის შემდეგ გაშვებული გოლის ეფექტი, მათ თამაშს აშკარად ემჩნეოდა. ალბათ, დეტალი, რომელიც ქართველთა სამწვრთნელო შტაბს ჯგუფის დარჩენილ მატჩებში და შეძლებისდაგვარად გამოსასწორებელი აქვს, „კვარას" მიბაძვის მსურველი გოგონების დარწმუნება, რომ ფინტების დემონსტრირებას და ჯიუტად თამაშის საკუთარ თავზე აღებას, ზოგჯერ ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი თანაგუნდელისთვის ბურთის გადაცემა სჯობს და კიდევ, ფლანგების, განსაკუთრებით მარცხენა ფლანგის დატვირთვა და შესაბამისად, მოშიშვლებული ზონა დაგვაკლდა შეტევისას.


რუმინელებმა მეორე გოლი, 41-ე წუთზე გაგვიტანეს და პირველი ტაიმი 2-0 წააგეს. თუმცა, ხუბულურის გუნდმა მეორე ტაიმში იბრძოლა, თუმცა, ძირითადად მინდვრის ცენტრში. 63-ე წუთზე, რუმინელთა მეკარემ კიდევ ერთხელ მოახერხა კარის დაცვა, 78-ე წუთზე კი, ანანო წიქარიძემ ამ შეხვედრაში, მაინც მოახერხა გოლის გატანა. რეალურად, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს, რომელიც მიმდინარე ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით წარსდგა, ქულის გადასარჩენად დრო არ ეყო.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: სალომე ხაჭაპურიძე, ელიზაბეტ რიჟამაძე, თამუნა ლონდარიძე, ნათია ცეცხლაძე, ლიზი კაკულია, მარიამ მამფორია, ანანო მიქაბერიძე, ქეთევან ჭურკვეიძე (ნატო გუტიკაშვილი), ნინო მეტრეველი (ანასტასია ბუჩუკური), თაკო ბულია, ანანო წიქარიძე.


მომდევნო მატჩს სალომე ხუბულურის გაწვრთნილი გუნდი 20 მარტს გამართავს და თბილისის დროით 17:00 საათზე ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ლატვიასთან დამარცხდა 2-1.



ფოტო: ნინო სორდიას სოციალური ქსელიდან