სამი ტურის შემდეგ „კვარტალი“ ქულების მაქსიმუმით ლიდერობს
სამი ტურის შემდეგ „კვარტალი“ ქულების მაქსიმუმით ლიდერობს
17.03.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი


თბილისსა და ბათუმში დღეს, ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონის მესამე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.


თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, „კვარტალმა", მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს" უმასპინძლა. დღევანდელ ტურამდე, სწორედ, ეს ორი გუნდი იყო, რომელსაც ქულების მაქსიმუმი ჰქონდა და ამ თვალსაზრისითაც, აღნიშნული დაპირისპირება უფრო საინტერესო იყო. როგორც ჩანს ლანჩხუთელები, რომლებსაც წინა ტურში, ქართული დერბი ჰქონდათ და ამასთან, გუნდის მთავარი მეკარე, თეონა სუხაშვილი დაუშავდათ, თამაში სიფრთხილით დაიწყეს. თუმცა, ეკა თაბაგარიც გურულების კარში არ გამოიყურებოდა ურიგოდ. სტუმართა სიფრთხილით კარგად ისარგებლა „კვარტალმა" და რეალურად, პირველ ტაიმში, მეტოქე, საკუთარ ნახევარზე მიაჯაჭვა. თათია გაბუნია, რომელიც გასულ სეზონში, „ლანჩხუთის" ღირსებას იცავდა, წელს კი, თბილისელთა რიგებშია, მთელს თამაშში, მხოლოდ 3-4 ეპიზოდში ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმი, მწვავედ „ლანჩხუთმა" დაიწყო და ამ თვალსაზრისით, თამაში გათანაბრდა, 57-ე წუთზე გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. თბილისელთაგან, სალომე გასვიანმა, მინდვრის ცენტრში მოახერხა გურულების შეტევის ჩაჭრა და სალომი დიმოპულოს მიმართულებით გადაგზავნა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი, კარგად შენიშნა, ფლანგზე, სიცარიელეში მყოფი მეგი ეჯიბია, რომელსაც არ გასჭირვებია, „ლანჩხუთის" კარში ბურთის გადაგზავნა. „კვარტალმა" მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგო და სამი ტურის შემდეგ, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა შეხვედრა მოგებული აქვს.


თბილისის „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე, „ნიკე-ლუსომ", რომელიც წინა ტურში „ლანჩხუთთან" დამარცხდა, დღეს გათამაშების დებიუტანტი, „ელიტა" 2-0 დაამარცხა.  ანგარიში, სწრაფი გოლით, მე-9 წუთზე, ნინო ბუხრიკიძემ გახსნა. 56-ე წუთზე კიდევ მორიგი გოლი ლიზი მწყერაშვილმა გაიტანა. ამ ანგარიშის მიუხედავად, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ქალთა ფეხბურთს ერთ-ერთ ფავორიტ გუნდთან, დებიუტანტი თანაბარი წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, თუმცა, მაინც მეორე ნომრად მოუხდა თამაში. საერთო ჯამში, მატჩი უხეში გამოვიდა და ქალ მსაჯთა ბრიგადას, საერთო ჯამში 6 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა.


ბათუმში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში, მშვიდად, სამბურთიანი სხვაობით მოიგო შეხვედრა „ბათუმმა", რომელმაც ამ ტურში, ქუთაისის „მართვე", 3-0 დაამარცხა. ანგარიში, მე-11 წუთზე, თამარ სალუქვაძემ გახსნა. მე-20 წუთიდან კი, ბათუმელები, თათია შაინიძის გოლის შემდეგ, უკვე ორი ბურთს სხვაობით იგებდნენ. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში, ლიზი დიასამიძემ დააფიქსირა მე-80 წუთზე.


ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, ხობის „კოლხეთსა" და „ნორჩ დინამოს" შორის 14 მაისისთვის გადაიდო.


სამი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, ქულების მაქსიმუმით „კვარტალი" ლიდერობს. 6-6 ქულა აქვს სამ გუნდს, „ნიკე-ლუსოს", „ლანჩხუთსა" და „ბათუმს". დანარჩენ ოთხ გუნდს, ამ ეტაპისთვის ქულა არ აუღია.


ქალთა ლიგის მომდევნო, მე-4 ტური 23 და 24 მარტს არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, ქალთა ლიგა სანაკრებო შესვენებაზე გავა, ვინაიდან, 5 აპრილს ქალთა ეროვნულს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სტარტი აქვს.