საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მაისში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი ფლეი-ოფის შეხვედრის გამართვა უწევს ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ. აღნიშნული მატჩებისთვის მოსამზადებელი ორი სპარინგი, ტიტე კალანდაძის ნაკრებმა, 15 და 16 მარტს, EHF კვირეულის ფარგლებში პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ორივეში დამარცხდა.
15 მარტს გამართული შეხვედრა მონტენეგროს გამარჯვებით, 34-20 დასრულდა. 16 მარტს კი, მასპინძლებმა, 10-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს, 29-19.
ამ სპარინგებში, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში არ იყვნენ გორგი ცხოვრებაძე და თეიმურაზ ორჯონიკიძე. აქილევსის ტრავმის მიზეზით ორჯონიკიძეს და საზარდულის ტრავმა ცხოვრებაძეს, სარეაბილიტაციო პერიოდი უდგათ. ტრავმების გამო, არ იყვნენ ნაკრებთან ერთად, არც მირიან გავაშელიშვილი და სანდრო დარსანია. აქვე შეგახსენებთ, რომ რეაბილიტაციის კურსს გადის ნიკოლოზ კალანდაძეც, რომელიც ჩვენს ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატზე ეხმარებოდა.
იმედია, ყველა ტრავმირებული ხელბურთელი მაისის თამაშისთვის უკვე ჯანმრთელი და შესაბამის ფორმაში იქნება.