ვინ არის პასუხიმგებელი ლუკა მაისურაძის იძულებით არდადეგებზე?
ვინ არის პასუხიმგებელი ლუკა მაისურაძის იძულებით არდადეგებზე?
15.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2023 წელს დოჰაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული -90კგ წონით კატეგორიაში, 26 წლის ქართველი ჯუდოკა ლუკა მაისურაძე, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს. ამის შესახებ, ოფიციალური ქართული წყაროები, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და ოლიმპიური კომიტეტი ჯერ-ჯერობით არანაირ კომენტარს არ ავრცელებენ, თუმცა, მედიაში, ინფორმაციამ გაჟონა. უფრო ზუსტად, არსებოს GADA-ს, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს, ანტიდოპინგური სადისციპლინო კომისიის 2023 წლის 5 დეკემბერი დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრები გუნდის წევრი, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2022 წლის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატებისა და 2019 წლის ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა მაისურაძე „დოპინგმა გაჭედა".

„შესაბამისად ლუკა მაისურაძე დროებით დისკვალიფიცირებულია და არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა, ნებისმიერ შეჯიბრში, სპორტულ ღონისძიებაში ან სხვა აქტივობაში, რომელიმე სპორტულ სტრუქტურაში ან სტრუქტურებში, რომლებიც აღიარებულია ნებისმიერი ხელმომწერის მიერ WADA -ს მსოფლიო დოპინგ საწინააღმდეგო კოდექსის შესაბამისად, შეტყობინების დღიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღამდე", - ნათქვამია GADA - ს გადაწყვეტილებაში.

 

 


უცნობია ისიც, შეუნარჩუნდება თუ არა ლუკას 2023 წელს დოჰაში მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რადგან ტესტი მის დაწყებამდეა აღებული. გემახსოვრებათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ლუკამ, ლაშა ბექაური დაამარცხა.


ლაშა ბექაური, რამდენიმე დღეში, თბილისის გრან სლემზე იასპარეზებს. ლუკას კი, 2024 წლის 16 ოქტომბრამდე იძულებითი არდადეგები აქვს.


და ბოლოს, ალბათ, მსგავსი ფაქტების გაუხმაურებლობით და სირაქლემას პოზაში ყოფნით, რიგი ფედერაციები საკუთარი და თუნდაც, სპორტსმენის იმიჯის შენარჩუნებას ლამობენ. თუმცა, ფაქტები ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამას გარდა, ალბათ, მსგავსის გამოვლენისას, მხოლოდ სპორტსმენზეც ჯოხის გადატეხვა არ არის მართებული, რადგან დოპინგის თემაზე, სულ ცოტა სხვა რგოლია პასუხისმგებელი. თუმცა, ელემენტი, რომელიც ე.წ. დანამატში არის და რომელიც, WADA-ს მიერ აკრძალულია და ეს ინფორმაცია, ყველა გუდნის სამედიცინო პერსონალს აქვს გათავისებული, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გამოცდილ ექიმებს შეეთავაზებინათ სპორტსმენისთვის. ალბათ, ამ მხრივ, აკრძალულ პრეპარატებზე საინფორმაციო კამპანია, არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის არის საკმარისი, რადგან ქართველებს, ძალიან გვიყვარს, მეგობრებისა და საახლობლოს რჩევებზე აყოლა. აღნიშნულზე სრულ ინფორმაციას, სპორტსმენებიც და სამწვრთნელო შტაბებიც უნდა ფლობდნენ (ექიმების გარეშეც, ან ყოველ შემთხვევაში, იმ დონეზე, რომ მისი გამოყენება, არ გამოყენების შესახებ, ექიმს ჰკითხონ მაინც). სხვა შემთხვევაში დგება შედეგი, მნიშვნელოვანი სტარტის წინ, რისთვისაც რეალურად 4 წელი ემზადები და რომელიც შესაძლოა, ჰაერს გაატანო.



ფოტო: (с) IJF