საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი ნაკრებში დაბრუნდა. 21-ე საუკუნის ქართული სანაკრებო ფეხბურთს ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ, ჯაბა კანკავამ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ 2022 წლის 27 იანვარს, საკუთარი ინსტაგრამგვერდით ყველას ამცნო. კაპიტნობა გურამ კაშიამ გადაიბარა, 7-ნომრიანი მაისური კი, ხვიჩა კვარაცხელიამ. ჯერ-ჯერობით, უცნობია, ჯაბას ნაკრებში დაბრუნების შემდეგ, ამ მხივ თუ შეიცვლება რამე. თუმცა, რთულია არ დაეთანხმო „იაშკა", რომ „ასეთი ადამიანის გუნდში ყოფნა", მსგავს დატვირთვის თამაშში, ძალზედ მნიშვნელოვანია.
„ჯაბა კანკავა მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს შენი ქვეყნის სახელით თამაში და გეცვას შენი ეროვნული გუნდის მაისური. გადამწყვეტ თამაშში მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანის გუნდში ყოფნა. მთავარ მწვრთნელთან ერთად ვიყავით ბრატისლავაში, ვესაუბრეთ ჯაბას და სასიხარულოა, რომ მისგან საოცარი ემოცია წამოვიდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენთან ერთად არის და ნაკრებს დაეხმარება მიზნების მიღწევაში", - ამბობს ალექსანდე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯაბასგან მჭერმეტყველებასა და ინტერვიუებს არ ვართ მიჩვეული, ჩვენც უბრალოდ გვიხარია, რომ კანკავა, რომელიც ჩინებულ ფორმაშია ნაკრებში ბრუნდება და გამოცდილებით, იმ რგოლის „დალაგებას" მოახერხებს, რომელიც მისი წასვლის შემდეგ, რეალურად მოგვიშიშვლდა.
„ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. მას ძალიან ბევრი თამაში აქვს ჩატარებული ეროვნულ გუნდში, თუმცა სანაკრებო კარიერაში პაუზის აღება სურდა და ჩვენ მივიღეთ მისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, ჯაბა ბრატისლავის სილოვანში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბარი ალექსანდრე იაშვილთან ერთად დავიწყეთ, დავინტერესდით ჯაბას პოზიციით ნაკრებში დაბრუნების თაობაზე და მისმა პასუხმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ჯაბამ გვითხრა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუნდაც ერთი წუთი რომ ეთამაშა საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად. მან იცის, რომ ახლა მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და სწორედ ამიტომ არის ჯაბა ახლა ნაკრებთან ერთად"- ამბობს ვილი სანიოლი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ეროვნული ნაკრები 18 მარტიდან შეიკრიბება და 21 მარტის ფლეი-ოფისთვის ჯაბა კანკავასთან ერთად დაიწყებს მზადებას.