მიზანი - ოცნების ასრულება, ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაში
მიზანი - ოცნების ასრულება, ოცნება ევროპის ჩემპიონატზე თამაში
13.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთხელ, გადამწყვეტი მომენტი დადგა - ეს, კარგად ესმის ყველას, ვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული ერთი საფეხბურთო მატჩისთვის მაინც უქომაგია. მათ, ვინც წლების მანძილზე, ევროპის ჩემპიონატის  ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მოხვედრის მოლოდინშია და მათაც, ვისაც გუშინდელი დღესავით ახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ჯიბიდან ამოცლილი ევროს საგზური. შესაბამისად, ემოციები დუღილის ფაზაშია და ახლა, მაქსიმალურად ცივ გონებზე გვიწევს ყველას, ფეხბურთელებსაც, სტაფსაც და გულშემატკივარსაც მოქმედება. ჩვენ გავქვს კიდევ ერთხელ შანსი, გავიდეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2024 წელს გერმანიაში გაიმართება.

თუმცა, მანამდე, არის უმნიშვნელოვანესი მატჩები, რომელთაგან პირველი და აუცილებლად მოსაგები სულ რაღაც 8 დღეშია, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ. აღნიშნული შეხვედრისთვის სანიოლიმ გაფართოებული შემადგენლობა დღეს დაასახელა და დღესვე ქართული მედიის წინაშე, მოუხდა ახსნა რატომ არ აღმოჩნდა შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი. ვილი სანიოლიმ ისაუბრა საბა ლობჟანიძესა და გიორგი არაბიძეზეც.


აზაროვზე


„ირაკლი აზაროვის სანაკრებო სიის მიღმა დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო. კლუბში მის თამაშზე საუბარი არ მსურს, რადგან კლუბში და ნაკრებში განსხვავებული მოცემულობაა. ჩემთვის, აზაროვი ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა. ნაკრებში კარგი თამაშები აქვს ჩატარებული, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ასპარეზობით კმაყოფილი არ ვიყავი. განსაკუთრებით კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩებში. ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუმცა უნდა გაიგოს, რომ მცველია და მოედანზე მცველივით უნდა მოიქცეს. სწორედ ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მწვრთნელი ვარ და თუ ჩემი ფეხბურთელი შესაძლებლობებს ვერ წარმოაჩენს, შესაბამისად სათამაშო დრო არ მიეცემა. ამავდროულად, ლევან შენგელიამ მისთვის ახალ პოზიციაზე ძალიან კარგად იასპარეზა კვიპროსთან და შოტლანდიასთან შეხვედრებში. მან დაიმსახურა ნაკრებში ყოფნა. ასევე, გვყავს გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, მებრძოლი მოთამაშეა და ეს თვისება ძალიან გვჭირდება პლეი ოფში".


ლობჟანიძეზე


„თუ სანაკრებო სიას მოთამაშეთა პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე შევადგენ, საბა ლობჟანიძე ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, რადგან შესანიშნავი ადამიანია და მასთან მუშაობა მიყვარს. მან მიიღო გადაწყვეტილება კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელების შესახებ და ბედნიერი ვარ მისი წარმატებებით. თუმცა, კვირას საღამოს, გვიან თამაშობს საკლუბო მატჩს, რაც ნიშნავს, რომ ნაკრებს გვიან შემოუერთდება და აღდგენისთვის საკმარისი დრო არ ექნება და 100 პროცენტით ვერ დაიხარჯება. შესაბამისად, ვეცადე, რომ გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიმეღო კონკრეტულად პლეი-ოფი მატჩებისთვის, თუმცა ეს არ ეხება მომავალს".


არაბიძეზე


„ზაფხულის შემდეგ ბევრი რამ გამოვცადეთ და სია, რომელსაც დღეს ხედავთ, ამის შედეგია. ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახებისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სწორედ ამიტომ არის ეს რთული და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. რადგან, ყველას განსხვავებული ხედვა გვაქვს და ეს მომავალშიც ასე იქნება. გიორგი არაბიძე იყო გაფართოებულ შემადგენლობაში, რადგან ტორპედოში საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა. ვაკვირდებოდი მის თამაშებს, როგორც პირდაპირი რეპორტაჟების საშუალებით, ისე უშუალოდ სტადიონიდან. მესმის, რომ საქართველოში მისი საკითხი აქტუალურია, თუმცა ინტენსიურობა, რომლითაც ის თამაშობს ჩემთვის პრობლემაა. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა ბოლო 10 წლის განმავლობაში. უფრო რთული და ინტენსიური გახდა, მეტ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ამისთვის, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. თუ გიორგი არაბიძე პოზიტიურად შეცვლის მის მიდგომას, რა თქმა უნდა, მისი გამოძახების საკითხი დღის წესრიგში დადგება, რადგან მას აქვს შესაბამისი საფეხბურთო უნარები. თუმცა, ამ მომენტისთვის, ეს საკმარისი არ არის".


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. სფფ-ს ვიცე პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის ინფორმაციით, ნაკრები საგურამოში, მშვიდ და კომფორტულ გარემოში, სასტუმრო „სევსამორაში" შეიკრიბება, იქვე, საუკეთესო საფარიან მოედანზე გაივლის შეკრებას. სწორედ, ამ ადგილას ემზადებოდა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დროს და ამ მხრივ კარგი გამოცდილება გვაქვსო, დასძენს იაშვილი.


„ახლა მთავარი ერთიანობაა, რადგან ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ავისრულოთ ოცნება და ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. ამისთვის, ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, დავეხმაროთ ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, დასახული მიზნის მიღწევა შეგვიძლია", - ამბობს იაშვილი.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა - იხილეთ სტატია


ფოტო: (c) სფფ / ლაშა კუპრაშვილი