15 და 16 მარტს, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ცნობით, ჩვენი გუნდი EHF კვირეულის ფარგლებში პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე თამაში SC Verde- ს დარბაზში გაიმართება. მანამდე კი 12 მარტიდან ტიტე კალანდაძის გუნდი იქვე, პოდგორიცაში, ოლიმპიურ კომპლექსში განთავსდება და სამდღიან შეკრებას გაივლის.
უახლოესი ორი შეხვედრისთვის ნაკრებში მწვრთნელებმა 16 მოთამაშეს გამოუძახეს - მეკარეები: ზურაბ ცინცაძე („აზოტი პუვავი", პოლონეთი), დავით ნიქაბაძე („სარასტოვი", რუსეთი), მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი („პუენტე ხენილი", ესპანეთი), ირაკლი კბილაშვილი („პოტაისა ტურდა", რუმინეთი), გიორგი დიხამინჯია („ლოვოსიცე", ჩეხეთი), ხაზეინ რუსტამოვი („ისკრა ბუგოჯნო", ბოსნია-ჰერცეგოვინა), ზურაბ გოგავა („კოტბუსი", გერმანია), გიორგი არეშიძე („ტიმიშოარა", რუმინეთი), გიგა მელიავა („პროლეტერი", სერბეთი), გიორგი გრიშიკაშვილი („დიომიდისი", საბერძნეთი), ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია", საქართველო), გიორგი ახალბედაშვილი („პანელინიოსი", საბერძნეთი), ირაკლი გოგოლაძე (ბსბ, საქართველო), ზურიკო სიმონია („ქუთაისი 2015", საქართველო), გიორგი ლაპიაშვილი (ბსბ, საქართველო) და დავით გრიშიკაშვილი („პეგასი", საქართველო).
როგორც ხედავთ ნაკრების შემადგენლობაში არ არიან გორგი ცხოვრებაძე და თეიმურაზ ორჯონიკიძე. TSFF.ge-სთვის, ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის ნაკრების წამყვან მოთამაშეებს გუნდში გამოუძახეს, თუმცა, კლუბებიდან, რომლებსაც ამ სანაკრებო თამაშების დროს შესვენება აქვთ, მოვიდა სამედიცინო შეტყობინებები - ბიჭებს ტრავმების (აქილევსი ორჯონიკიძეს და საზარდულის ტრავმა ცხოვრებაძეს) შემდგომი რეაბილიტაციის აუცილებლობის თაობაზე. შესაბამისად, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა პრიორიტეტად მათი გამოჯანმრთელება და მაისის თამაშებისთვის გუნდთან ერთად ყოფნა ამჯობინა. ტრავმების გამო, მომავალ თამაშებში არ იქნებიან არც მირიან გავაშელიშვილი და სანდრო დარსანია. აქვე შეგახსენებთ, რომ რეაბილიტაციის კურსს გადის ნიკოლოზ კალანდაძეც, რომელიც ჩვენს ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატზე ეხმარებოდა.
მათი არ ყოფნის პერიოდში, საქართველოს ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ ახალ სახეებს. ფედერაციის ინფორმაციით, „ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში დებიუტი ექნება გიგა მელიავას, რომელიც სერბული „პროლეტერის" რიგებს იცავს; გიორგი ახალბედაშვილს, რომელიც გორიდან ბერძნულ „პანელინიოსში" გადავიდა და საბერძნეთის თასის ნახევარფინალში 6 გოლი გაიტანა; საბერძნეთის ჩემპიონატში გამოდის გიორგი გრიშიკაშვილიც, რომლის გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძვის; მათთან ერთად სადებიუტო ტურნე ექნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორ მოთამაშეს: დავით გრიშიკაშვილს („პეგასი") და ვახტანგ ხელისუფალს („სამტრედია"), ორივე მათგანის გუნდს ფინალური ოთხეულის საგზური თითქმის განაღდებული აქვს".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მაისში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორი ფლეი-ოფის შეხვედრის გამართვა უწევს ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ.
ფოტო: © Kolektiff Images