ქართული დერბი „დინამო თბილისმა“ მოიგო, „სამტრედიაც“ ყოფილმა დინამოელმა გადაარჩინა
ქართული დერბი „დინამო თბილისმა“ მოიგო, „სამტრედიაც“ ყოფილმა დინამოელმა გადაარჩინა
10.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში ორივე გუნდი დამარცხდა, ეროვნული ლიგის მესამე ტურში ქართულ დერბის, ყველა მოუთმენლად მოელოდა. „დინამო თბილისისა" და ქუთაისის „ტორპედოს" რიგით 90-ე დაპირისპირება, თბილისში, „დინამო არენაზე" უნდა გამართულიყო. გრძელი და ხმაურიანი „სიით", რომლითაც 2024 წლის სეზონი სტივ კინის გუნდმა დაიწყო, მიუხედავად „დინამო თბილისის" ტიტულებისა, შეიძლება, ფურცელზე უფრო ფავორიტიც იყო. ამასთან, მეორე ტურში თბილისელთა თამაში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა, თელავში, იმ მოედანზე ბევრ გუნდს წაუტეხავს კისერი და დიდი ალბათობით, დინამოელთა ის „ჩავარდნაც" ამ კატეგორიას გვინდა მივაწეროთ. ამ გადმოსახედიდან, ქუთაისელებს უფრო რთული საშინაო მატჩი ჰქონდათ „იბერია 1999"-ის წინააღმდეგ, რომელშიც რეალურად უზარმაზარი ძალა დახარჯეს.

მითუმეტეს, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ახალგაზრდულია. ქართულ დერბიშიც, რომელიც „დინამო თბილისმა" ერთი ბურთით მოიგო, გოლი სწორედ, ამ ახალგაზრდებს შორის ყველაზე უმცროსმა, 16 წლის ვახო სალიამ გაიტანა. „დინამო თბილისის" აკადემიაში გაზრდილისთვის ეს გოლი კიდევ, იმ გარემოების გამოც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, რომ 16 წლის სალია „დინამო თბილისის" ისტორიაში, დათო პეტრიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ, გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა. რაც შეეხება საგოლე გადაცემას, ის ასევე, აკადემიის აღზრდილის გიორგი მაისურაძის ანგარიშზეა.


მთლიანობაში, თუ არ ჩავთვლით ერთ მომენტს მეორე ტაიმში, რომელშიც თბილისელთა გამოცდილმა კარის მცველმა გიორგი ლორიამ იმარჯვა, ქუთაისელებს რიგიანად არც შეუტევიათ. უფრო ზუსტად, მწვავე მომენტი თბილისელთა კართან არ ყოფილა. აი, დინამოელებმა კი, საკმაოდ ანერვიულეს ფილიპ კლიაიაჩი. თუმცა, მეტი გოლი ამ შეხვედრაში, რომელშიც დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა, აღარ გასულა. ერთი გოლის მატჩი, 1-0 დასრულდა. „დინამო თბილისმა" მნიშნელოვანი 3 ქულა აიღო, თუმცა, ეს გამარჯვება, ამ გუნდს მოდუნების ნებას არ აძლევს, მითუმეტეს, რომ წინ მთელი და საკმაოდ რთული ჩემპიონატია.


მატჩის ფოტო-ამბავი


ეროვნული ლიგის მესამე ტურის პირველი დღის ერთი შეხვედრა, ქართულ დერბიმდე, ასევე თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. პეტრო არენაზე, „იბერია 1999" „სამტრედიას" დაუპირისპირდა, რომელსაც, თბილისელთაგან განსხვავებით, ორ ტურში, მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული. ისევე, როგორც „ტორპედოს", წინა მატჩიდან გადმოყოლილი „დაღლა" ეტყობოდა, „იბერია 1999"-ც ცოტა მძიმედ იყო. თუმცა, ანგარიში სტანდარტულის შემდეგ გახსნა, 21-ე წუთზე, სამტრედიელთა საჯარიმო მოედანში არეულობით კარგად ისარგებლა შოთა ნონიკაშვილმა და თბილისელები დააწინაურა. 37-ე წუთზე, ომრან ჰაიდარმა შეიძლება ითქვას, კარგად შენიშნა კარიდან გვარიანად გამოსული ლაზარე კუპატაძე და თავზე გადაუგდო ბურთი. პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმშიც, პირველი თბილისელები ახერხებენ გოლის გატანას. 63-ე წუთზე შეიკნე სილა ახერხებს, თბილისელთა დაწინაურებას. თუმცა, 63-ე წუთზე, სამტრედიელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულ დიტო ფაჩულიას, რომელიც თბილისელებს უმეთვალყურეოდ დარჩათ, 75-ე წუთზე შორეული დარტყმით კიდევ ერთხელ ათანაბრებს ამ შეხვედრაში ანგარიშს. საბოლოოდაც მატჩი 2-2 დასრულდა.


ხვალ ამ ტურის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება.