დღეს ქალთა ლიგის 2024 წლის გათამაშება დაიწყო
დღეს ქალთა ლიგის 2024 წლის გათამაშება დაიწყო
09.03.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

დღეს, სტარტი აიღო საქართველოს ქალთა ლიგის 2024 წლის გათამაშებამ, რომელშიც შეგახსენებთ, რვა გუნდი მონაწილეობს - „ლანჩხუთი", „ნიკე-ლუსო", „კვარტალი", ხობის „კოლხეთი", „ბათუმი", „ნორჩი დინამო", „მართვე" და „ელიტა". პირველი ტურის შეხვედრები ორ დღეზე 9 და 10 მარტს იყო გადანაწილებული. შესაბამისად, დღეს მხოლოდ, სამი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „ლანჩხუთმა", რომელი ახალი სეზონისთვის ამერიკელი, ჩრდ. მაკედონიელი და ბრაზილიელი ფეხბურთელებითაც გაძლიერდა, გვიმბალაურში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრში. ქალთა ლიგის დებიუტანტს თბილისის „ელიტას" უმასპინძლა. ქალთა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, ემახსოვრება, რომ „ელიტამ" 2023 წელს, ქალთა ლიგა 2 მოიგო და ძლიერთა შორის გადმოსვლის უფლება მოიპოვა. თუმცა, მოქმედ ჩემპიონთან აშკარად გაუჭირდა. დღევანდელ შეხვედრაში, ანგარიში გურულთა გუნდის ახალმა ამერიკელმა ლეგიონერმა, „ოკლენდიდან", ჰანა რასელმა გახსნა, მე-6 წუთზე. გურულთა მიერ გატანილი ეს გოლი, სამი შეხვედრის შემდეგ, ჯერ-ჯერობით ყველაზე სწრაფი გოლია ახლად დაწყებულ ჩემპიონატში. კიდევ ორი გოლი „ლანჩხუთმა", პირველი ტაიმის შუაწელში, სამ წუთიან მონაკვეთში გაიტანა. გამოცდილი მეკარის სვეტლანა გაბელაიას კარი, ნაკრებში თანაგუნდელებმა სოფიკო ნარსიამ და ნინო ჩხარტიშვილმა აიღეს და როგორც ჩანს, მატჩის ბედიც მაშინ გადაწყვიტეს. 59-ე წუთზე, კიდევ ერთი გოლი ლანა გორგაძემ გაიტანა, შეხვედრის მიწურულს, კი ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთმა გოლეადორმა, ეთერ სულაშვილმა მიმდინარე წელს, გოლების ათვლა დაიწყო. „ლანჩხუთმა" 5-0  გაიმარჯვა.


ოთხბურთიანი და მშრალი ანგარიში დაფიქსირდა თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში. 2023 წლის ბრინჯაოს მედლების მფლობელმა „კვარტალმა", თბილისურ დერბიში „ნორჩ დინამოს" უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა, საწყისს წუთებში, მასპინძელთა მცირედი უპირატესობით წარიმართა და ალბათ, დინამოელთა მეკარე, სალომე ხაჭაპურიძე რომ არა, ანგარიშიც მალევე გაიხსნებოდა. სხვათა შორის, მას უნდა უმადლოდნენ თანაგუნდელები, რომ ანგარიში მინიმუმ სამი გოლით მეტი არ დასრულდა. ანასტასია ბოლქვაძის დუბლით (16' და 20') კი, მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს. სხვათა შორის, არც „ნორჩი დინამო" გამოიყურებოდა ურიგოდ, თუმცა, ძირითადად მინდვრის ცენტრში და საბოლოოდ, ბურთი კვარტლელთა კარამდე არ ჩადიოდა. ანასტასია ბოლქვაძემ მეორე ტაიმში 57-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა და 2024 წლის გათამაშებაში, პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. „კვარტალმა" 4-0 მოიგო.


პირველი ტურის ბოლო შეხვედრა ბათუმის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა.  „ბათუმმა", ხობის „კოლხეთს" უმასპინძლა. დაძაბულ შეხვედრაში, მხოლოდ ორი გოლი გავიდა. ანგარიში, 36-ე წუთზე, 11-მეტრიანით დარინა სელიმბამ გახსნა. ეს 2024 წლის ჩემპიონატში, პირველი 11-მეტრიანია. მომდევნო გოლები შეხვედრის ბოლო ათწუთეულში გავიდა. თავდაპირველად, თამარ სალუქვაძემ, „ბათუმი" ორგოლიანი უპირატესობით დააწინაურა, მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი, ანა დავითულიანმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. „ბათუმმა" 2-1 გაიმარჯვა.


ქალთა ლიგის 2024 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო მატჩი ხვალ, 10 მარტს, თბილისში გაიმართება. „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე, „ნიკე-ლუსო" (2022 და 2023 წლების სეზონი კლუბმა „სამეგრელოს" სახელით იასპარეზა), საქართველოს ქალთა ლიგის პირველი გათამაშებისა და ორგზის ჩემპიონს, ქუთაისის „მართვეს" უმასპინძლებს.