საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 17 მარტიდან 2024 წელს პირველად შეიკრიბება. რამაზ სვანაძის გუნდი, 26 მარტს, გიბრალტარში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრას გამართავს. მატჩი, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.
ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ 2023 წლის 6 სექტემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები მე-10 წუთზე საბა ხვადაგიანის გადაცემის შემდეგ, ოთარ მამაგეიშვილმა გაიტანა, მე-17 წუთისთვის კი, ვასილიოს გორდეზიანის გოლის შემდეგ, ჩვენი გუნდი უკვე, ორი ბურთი იყო წინ. რეალურად, ალბათ, იმ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებს ცოტა უფრო მეტი ყურადღებით რომ ემოქმედა, ანგარიში ბევრად დიდი იქნებოდა.
თუმცა, 26 მარტის შეხვედრამდე, საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები ერთი სპარინგის გამართვასაც ასწრებს. რამაზ სვანაძის გუნდი, 22 მარტს სტამბოლში, თურქეთის 21-წლამდეთა ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, მატჩი, 21:30 საათზე, სტამბოლოს აზიურ ნაწილში, „ფენდიქ სთადიუმზე" გაიმართება, რომელიც 2500 გულშემატკივარს იტევს და სავარაუდოდ, სავსეც იქნება.
და კვლავ, საკვალიფიკაციო ეტაპს, რომ დავუბრუნდეთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ჯგუფში ასპარეზობს. ამ მომენტისთვის, ქართველი 21-წლამდების ანგარიშზე 10 ქული და მეორე ადგილია. ჯგუფს, 18 ქულით ნიდერლანდები ლიდერობენ, მესამე ადგილზე კი, 7 ქულით, შვედეთის ნაკრებია.