მეორე ტურის შემდეგ ელიგა სამი ლიდერი ჰყავს
მეორე ტურის შემდეგ ელიგა სამი ლიდერი ჰყავს
07.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველი დიდი ანგარიში, პირველი ფრე და პირველი ჩხუბი, ეს ის რამდენიმე მახასიათებელია, რომელითაც მეორე ტური პირველისგან განსხვავებული იყო. კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი ნაკლები „წითელი" იყო, თუმცა, ყვითელი ბარათების მხრივ, ეროვნული ლიგის მეორე ტურში, მსაჯებმა სამით მეტი (35 ბარათი) ფეხბურთელი დასაჯეს ვიდრე ეს პირველ ტურში იყო.

ორი ტურის შემდეგ, 6-6 ქულით სამი ლიდერი გამოიკვეთა. მათგან ერთმა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ" დღეს, თბილისში, დავით პეტრიაშვილზე „გაგრა" დაამარცხა 1-3. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ შეხვედრაში ფავორიტი „დინამო" იყო. პირველი გოლიც, სწორედ მათ გაიტანეს, მე-16 წუთზე, ონორე გომისის გადაცემის შემდეგ, ჟან ვიქტორმა გახსნა ანგარიში, თუმცა, მასპინძლებმა, პირველივე ტაიმში, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. მეორე ტაიმში, გაგრელები იკბინებოდნენ, გოლები კი, აჭარლებს გაჰქონდათ. საბოლოოდ, შავი ზღვისპირული დერბი, როგორ ნავარაუდევი იყო ბათუმის „დინამომ" მოიგო, ანგარიშით, 1-3.

***

საინტერესო გამოდგა შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „ტორპედომ", „იბერია 1999"-ს უმასპინძლა. ამ შეხვედრაში მონაწილე ორივე გუნდმა სასტარტო მატჩები მოიგო. თუმცა, მასპინძელთა გუნდი მრისხანე შემადგენლობით და პირველ ტაიმში ჩატარებული თამაშის შემდეგ, აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდნენ. თუმცა, თბილისელებმა, პირველ ტაიმში მეტოქე აშკარად დაჩაგრეს და გიორგი კოხრეიძემ, ტაიმზე დამატებულ მე-3 წუთზე, „ტორპედოს" გასახდელშიც კი გაატანა გოლი.


„დღევანდელი მატჩის მოგებით არავის ექნებოდა იმის გარანტია, რომ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებოდით და არც მარცხი ნიშნავს, რომ ჩემპიონობაზე ხელი ჩავიქნიეთ. წინ ძალიან დიდი გზაა და აუცილებლად ვიბრძოლებთ პირველობისთვის. რაც ცუდი იყო, ეს მენტალური მხარე და ფსიქოლოგიური ასპექტია. როცა ასეთი თამაშია, ხედავ, რომ მსაჯი ბევრ მომენტზე არ რეაგირებს, ეს ფსიქოლოგიურად უკან გხევს... გამოჩნდა, რომ ამაზე სამუშაო გვაქვს. თუ ვინმეა დამნაშავე დღევანდელ მარცხში, ეს მთავარი მწვრთნელია და არა ფეხბურთელები. ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე", - ამბობს სტივ კინი, „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი, კლუბის მიერ სოცქსელში მატჩის შემდეგ გავრცელებულ კომენტარში.


გიორგი კოხრეიძემ, თავი მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა. მეორე გოლი ქუთაისელთა ნერვებზეც აისახა. იმატა დაძაბულმა ფონმაც. საერთოდ, ამ შეხვედრაში ალეკო აფციაურს 10 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა! ეს ამ ტურის რეკორდია! 83-ე წუთზე, შოთა ნონიკაშვილმა 11-მეტრიანით, თბილისელები 0-3 დააწინაურა. თუმცა, 3 წუთში, მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, კიდევ ერთი გაიტანეს და მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. აი, აქ კი საბოლოოდ დაიძაბა ვითარება. თბილისელთაგან უხეში სათამაშო მომენტის მიუხედავად, შეტევაში „ტორპედო" დარჩა, თუმცა გიული მანჯგალაძემ საქმეში „UFC" ელემენტები ჩართო და ხელჩართული ბრძოლა წამოიწყო. მოკლედ ერთი გუნდის სიუხეშეს, მეორესი მოჰყვა და ალბათ, მართებული იქნებოდა, მსაჯებზე აუგის ნაცვლად, ორივე გუნდს მადლობის წერილები ეფრინა ფედერაციაში, რომ ყვითლებით „იოლს" გამოვიდნენ. მატჩი კი, „იბერია 1999"-მა 2-3 მოიგო და 6 ქულით ლიდერთა სამეულშია.


***

48-ე წუთზე, ტაირელ ვაუტერას გოლის წყალობით, გორის „დილამ" მორიგი 3 ქულა მოიპოვა, ამჯერად, წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, შეხვედრაში რომელშიც, „სამგურალი" 0-1 დაამარცხა.

***

პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, თელავში, სარაგბო და მძიმე მინდვრის მიუხედავად, ბევრი ელიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდისგან „დინამო თბილისისგან" „თელავის" წინააღმდეგ დამაჯერებელ თამაშს ელოდა. თუმცა... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მეორე გოლი თამაშგარედან გავიდა „თელავის" წინააღმდეგ თბილისელთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. მეორე გოლის ეპიზოდში, დარტყმის მომენტში, დინამოელთა მცველი ლუკა სალუქვაძე, შესაძლოა, ჩარჩენილად აღიქმეოდა, თუმცა, საგოლე გადაცემის გაკეთებისას, დაჩი ცნობილაძის ბურთთან შეხებამდე, გოლის ავტორი, თორნიკე მორჩილაძე ნახევარი კორპუსით „ჩარჩენილ" დინამოელთან შედარებით, ოდნავ წინ იყო. თბილისელთა თამაშში, რომელიც მეორე გოლის შემდეგ "ჩამოიშალა", კვლავ იჩინა თავი სტანდარტულებმა და პრობლემამ დაცვაში. ამას, ისიც დაემატა, რომ რეალურად, „დინამო თბილისს" კარში არ დაურტყამს. აი, „თელავის" რიგებიდან კი, გოლები მათ შორის, ყოფილმა დინამოელებმა გაიტანეს. გაახალგაზრდავებულმა ვიცე-ჩემპიონმა მშრალი და დიდი ანგარიშით, 4-0 წააგო. ალბათ, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის ეს მარცხი, სიგნალი უნდა იყოს თამაშის გამოსასწორებლად, თორემ თამაშს ხან წააგებ და ხან მოიგებ.



***

და ბოლოს, ამ ტურში „სამტრედიისა" და „კოლხეთი 1913"-ის დაპირისპირებაში პირველი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. ანგარიში სტუმრებმა ლაშა კოხრეიძის მიერ 38-ე წუთზე გაიტანეს. სამტრედიელებმა, ქულა 86-ე წუთზე, დავით უბილავას გოლით გადაარჩინეს. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.


ტურის ყველა მატჩის შედეგი:

„სამტრედია" - „კოლხეთი 1913" 1-1

„ტორპედო" - „იბერია 1999" 2-3

„თელავი" - „დინამო თბილისი" 4-0

„სამგურალი" - „დილა"  0-2

„გაგრა" - „დინამო" ბთ 1-3


სატურნირო ცხრილი

მესამე ტურის სათამაშო განრიგი



ფოტო: © ტორპედო / ირაკლი ინასარიძე