გამარჯვებულის მენტალიტეტით და უკვე ამბიციით...
გამარჯვებულის მენტალიტეტით და უკვე ამბიციით...
05.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2025 წლის შესარჩევ ეტაპზე C დივიზიონის პირველ ჯგუფში იასპარეზებს.  ჩვენი გოგონების მეტოქეები ბელარუსის, ლიეუტუვასა და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან.

წილისყრამდე, რომელიც ნიონში დღეს გაიმართა, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ გამომდინარე საქართველოს ნაკრების გადანაწილებისა მე-4 კალათში, ჩვენი ეროვნული ნაკრების მეტოქეები არ იქნებოდნენ მოლდოვა, ფარერის კუნძულები და სომხეთი. შესაბამისად, წილისყრამდე ჩვენ სასურველი მეტოქეების გამხელა საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილ ფეხბურთელს ნინო პასიკაშვილს ვთხოვეთ.




პირველი კალათიდან, ალბათ, ალბანეთს ვისურვებდი, რადგან სლოვენია და საბერძნეთი, ისევე, როგორც ბელარუსი და რუმინეთი, საკმაოდ ძლიერი ნაკრებებია. ბელარუსის ნაკრებში ბევრი მეგობარი გვყავს, მათთან ერთად მითამაშია. შესაბამისად, ვიცი, რთული იქნება მათთან თამაში, თუმცა, იგივე შემართება გვექნება, მათ წინააღმდეგადაც, რაც სხვა ნაკრებთან. მეორე კალათიდან, რა საოცრებაც არ უნდა იყოს, ლიეტუვას გვინდა ვეთამაშოთ, რადგან სახლში წაგებული 3-0 ძალიან ცუდად გვახსოვს და პირადად მე მინდა, რომ რევანში შედგეს. ამ გუნდთან თამაში განსაკუთრებით მნიშვნელობანი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის ვინც ნაკრებშია. მესამე კალათიდან ვისურვებდი ანდორას. ლუქსემბურგთან, ჩვენ ასე თუ ისე გვაქვს გამოცდილება. ჩრდ. მაკედონიასთანაც გვაქვს ჩატარებული სპარინგები. ყაზახეთის ჩემპიონატზეც ვფლობთ კარგ ინფორმაციას. ვფიქრობ, ამ ნაკრებებს შორის, ანდორა ყველაზე სუსტია", - ამბობს ნინო პასიკაშვილი.


წილისყრამდე, უეფა-მ ქალთა ევროს შესარჩევის შეცვლილი ფორმატი წარადგინა. განსხვავებით ადრე გამართული საკვალიფიკაციო ეტაპებიდან, ამჯერად სხვაობაა. ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციისა და სტიმულირების მიზნით, უეფა-მ, რომელმაც ქალთა ერთა ლიგის გათამაშება წარმატებულად ჩაატარა (პირველი გამოშვების ჩემპიონი ესპანეთის ქალთა ნაკრებია), გადაწყვიტა მსგავსი ფორმატით, ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარებაც. შესაბამისად, ერთა ლიგის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული გუნდების რეიტინგების მიხედვით, ქალთა ევრო 2025 წლის შესარჩევი დაყო 3 დივიზიონად. A და B დივიზიონებში 12-12 გუნდი მოხვდნენ, C დივიზიონში კი, სადაც საქართველოს ნაკრებიც არის, 15 გუნდი იასპარეზებს. C დივიზიონში, საბოლოოდ, 5 ჯგუფი შედგა, რომელთაგან ბოლო, მეხუთეში, მხოლოდ სამი გუნდი იასპარეზებს.




„სავარაუდო მეტოქეებიდან, ერთა ლიგის გათამაშებაზე, რამდენიმე ნაკრების წინააღმდეგ მოგვიხდა თამაში. ისევე, როგორც სხვა გუნდებთან სხვა ტურნირებზე ან ამხანაგურებზე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, თუ ისინი ჩვენს ჯგუფში აღმოჩნდებიან, ძალიან უხერხულ მეტოქეს გადააწყდებიან ჩვენი სახით. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ კალათში მოყოფი გუნდები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის ჯგუფში ბოლო ადგილზე გავედით, ჩვეთან მოხვედრას არ ისურვებდნენ. სტატისტიკურად,  ბოლო პერიოდში ჩვენი მატჩების მაჩვენებელი და ლაივ-რეპორტაჟებზეც, დაინახავდნენ ჩვენი გუნდის პროგრესს", - ამბობს ნინო პასიკაშვილი.


ცნობისთვის, ქალთა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაზე ჩვენმა მომავალი მეტოქეებიდან ერთმა, ლიეტუვამ ჩვენს ჯგუფში იასპარეზა. ირის ანტმანის ნაკრებმა გასვლაზე ლიეტუვაში ფრედ, 0-0 ითამაშა. თუმცა, თბილისში, სათამაშო უპირატესობის მიუხედავად 0-3 დამარცხდა. C დივიზიონში ასპარეზობდა, კვიპროსის ნაკრებიც, რომელმაც ფარერების ნაკრებს ორი თამაში მოიგო, აზერბიაჯანთან კი, ფრედ 1-1 ითამაშა და 7 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება, ბელარუსს, რომელიც ალბათ, ჩვენი ევროშესარჩევი ჯგუფის ფავორიტად არის მიჩნეული, ის ქალთა ერთა ლიგაზე B დივიზიონში ასპარეზობდა და 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, შესაბამისად დივიზიონით დაქვეითდა და ახლა, ყველანაირად შეეცდება ამ ვითარების გამოსწორებას. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენს გუნდს, ისევე როგორ ჯგუფში მყოფ ლუქსემბურგისა და ლიეტუვას ნაკრებებს, თანაბარი 5-5 ქულა ჰქონდათ, თუმცა, ურთიერთშეხვედრების კოეფიციენტით, ჩვენ ბოლო ადგილზე აღმოვჩნდით.




გეტყვით იმასაც, რომ წილისყრამდე, C დივიზონში, ნაკრებები შემდეგი თანმიმდევრობით იყვნენ გადანაწილებულნი:

1 კალათა: სლოვენია, საბერძნეთი, ბელარუსი, რუმინეთი, ალბანეთი

2 კალათა: ლატვია, მონტენეგრო, ბულგარეთი, ესტონეთი, ლიეტუვა

3 კალათა: ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ჩრდ.მაკედონია, ანდორა

4 კალათა: საქართველო, მოლდოვა, ფარერის კუნძულები, სომხეთი.


და ბოლოს, უეფა-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2022-2023 წლების სეზონზე 42 საფეხურზე იყო, ქალთა ერთა ლიგის გათამაშების შემდეგ გამოქვეყნებულში, 2023-2024 წლების რეიტინგებში, ირის ანტმანის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 37-ე ადგილზეა. ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი კი, შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებია.





სტატიაში გამოყენებული ფოტოები: © UEFA / Sarah Stier - UEFA via Getty Images /Kristian Skeie - UEFA via Getty Images)