ქალთა ლიგა 9 მარტს აიღებს სტარტს
ქალთა ლიგა 9 მარტს აიღებს სტარტს
02.03.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

9 მარტს, ქალთა საფეხბურთო ლიგა განახლდება. ისევე როგორც წინა სეზონში, რეგულარულ ჩემპიონატში, ამჯერადაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თამაშები, თავდაპირველად ორ წრედ გაიმართება. ამის შემდეგ კი, გუნდები ორ ზედა და ქვედა ჯგუფებად დაიყოფიან და შესაბამისად, მედლებისთვის და ლიგაში შესანარჩუნებლად გააგრძელებენ ბრძოლას.

2024 ქალთა ლიგაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 22 თებერვლის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქსკ „ნიკე", რომელიც 2022 და 2023 წლების სეზონზე ჩხოროწყუს „სამეგრელოს" სახელით მონაწილეობდა ქალთა გათამაშებაში და 2022 წელს ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმა, ამიერიდან „ნიკე ლუსოს" სახელით იასპარეზებს.


ქალთა ლიგაში, სადებიუტო წელი ექნება ქსკ „ელიტასაც", რომელმაც ძლიერთა შორის ასპარეზობის უფლება 2023 წელს ქალთა ლიგა 2-ის მოგების შემდეგ დაიმსახურა. ახალი სეზონის პირველ ტურში, გათამაშების დებიუტანტი „ლანჩხუთს" დაუპირისპირდება.


ამრიგად, ქალთა ლიგის 2024 წლის მონაწილე გუნდები არიან: „ლანჩხუთი" (მოქმედი ჩემპიონი), „ნიკე ლუსო", „კვარტალი", „ბათუმი", „ნორჩი დინამო", ხობის „კოლხეთი", „მართვე" და „ელიტა".


ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩები 9 და 10 მარტს თბილისში, ლანჩხუთსა და ორთაბათუმში გაიმართება:


9 მარტი

„ბათუმი" - ხობის „კოლხეთი" / ორთაბათუმი

„კვარტალი" - „ნორჩი დინამო" / თბილისი, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრი

„ლანჩხუთი" - „ელიტა" / ლანჩხუთი, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი


10 მარტი

„ნიკე ლუსო" - „მართვე" / თბილისი, ნიუ-ვიჟენის სტადიონი