დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა ფეხბურთში. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო" მშობლიურ სტადიონზე, აჭარაბეთ არენაზე, ძლიერთა შორის დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთი 1913"-ს დაუპირისპირდა.
გასული სეზონისგან განსხვავებით, სრულიად განახლებული გუნდების შეხვედრაში სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა შეიძლება ითქვას სწრაფი გოლი ნახა. სეზონის პირველი გოლი მე-11 წუთზე გავიდა. გაბრიელ რამოსის გადაცემის შემდეგ, ანგარიში ონორე გომისმა გახსნა, რომელიც ანდრეი დემჩენკომ გორის „დილადან", ბათუმში გადაიბირა. სხვთა შორის, თავად დემჩენკო, „საშემოდგომოს" (დისკვალიფიკაციის) გამო, საკუთარი გუნდის სასტარტო შეხვედრას, ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ისევე, როგორც პაატა ღუდუშაური.
პირველი შეხვედრის პირველ ტაიმში, მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ჩაერია ვარი. თავად შეხვედრა, ჩვენი აზრით ცოტა ქაოტური იყო, თუმცა, ამის ახსნაც შეიძლება - ეს, მხოლოდ ჩემპიონატის სტარტია, რომელიც ბათუმის „დინამომ" მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო.
ხვალ, ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშების პირველი ტურის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება:
18:00 საათზე, „პეტრო არენაზე", თბილისის „იბერია 1999", სწორედ, ამ სახელით იასპარეზებს ახალ სეზონში თბილისის „საბურთალო", „თელავს" დაუპირისპირდება.
19:00 საათზე დაიწყება მატჩი „დინამო არენაზე", სადაც ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი, 19-გზის ჩემპიონი „დინამო თბილისი", შეიძლება ითქვას, 19 წლის ფეხბურთელების ბირთვით დაკომპლექტებული, წყალტუბოს „სამგურალს" შეხვდება.
20:00 საათზე კი, ამ დღის ბოლო მატჩი, ქუთაისში რამაზ შენგელი არენაზე ჩატარდება, რომელშიც ადგილობრივი „ტორპედო", სპეციალისტთა აზრით, ყველაზე დაბალანსებული და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და ჩვენი აზრით, წინა შესარჩევი ეტაპიდან ყველაზე ხმაურიანი PR-კამპანიით გამორჩეული იმერულ დერბიში „სამტრედიას" დაუპირისპირდება.
ტურის ბოლო შეხვედრა კი, კვირას, 3 მარტს, გორში გაიმართება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილა", „გაგრას" უმასპინძლებს და 18:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: © ეროვნული ლიგა/ ლაშა კუპრაშვილი