მორიგი საასპარეზო დღე დიორში ქართველებისთვის არ იყო წარმატებული
მორიგი საასპარეზო დღე დიორში ქართველებისთვის არ იყო წარმატებული
01.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართული ნაკრების ორი გუნდი შერეულ წყვილთა ტურნირში მონაწილეობდა. 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მე-20 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა ლიზი კილაძისა და კაკო მოსულიშვილის დუეტმა. ქართველებმა 568 ქულა დააგროვეს.


პირველმა ნაკრებმა კი, რომელშიც დედა-შვილი, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ასპარეზობდნენ, მხოლოდ 552 ქულის დაგროვება მოახერხეს, რაც საბოლოოდ 38-ე შედეგი აღმოჩნდა.


ევროპის ჩემპიონატზე, ქართველები, სროლის საერთაშორისო ფედერაციის ახალ გუნდურ შეჯიბრშიც გამოვლენ. 2 მარტს, დიორში, პირველად ჩატარდება ტურნირი „ტრიო ქალთა გუნდში". აღნიშნულ შეჯიბრში ქართული გუნდი ნინო სალუქვაძის, ლიზი კილაძისა და მარუამ მარშავას შემადგენლობით იასპარეზებს.


ამავე სახელწოდების და შესაბამისად, ასევე, ახალ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი კაცებიც. „ტრიო ვაჟთა გუნდი" სასროლეზე კაკო მოსულიშვილი, ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე გამოვლენ.


თუმცა, ამ სტარტებამდე ევროპის სროლის ფედერაცია ახალი ვარსკვლავის მოლდოველი ანა დულჩეს დაბადების შესახებ იუწყება.