ტაშკენტის გრან სლემის პირველივე დღეს, ქართულ გუნდში, რომელიც საკმაოდ მცირე შემადგენლობით მონაწილეობს ტურნირზე, პირველი მედალია სათვალავში. -60კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მოგების შანსი ჰქონდა 20 წლის გიორგი სარდალაშვილს, რომელმაც ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბადის მოსაგებად უზბეკ, ტაჯიკ და ყაზახ ჯუდოკებს გაუმკლავდა. სხვათა შორის ალბათ, ცოტა უფრო გამოცდილ ლუხუმ ჩხვიმიანს, რომ გამართლებოდა, 1/4 ფინალი ქართულიც შეიძლება ყოფილიყო, თუმცა, ჩხვიმიანმა სწორედ, იმ ყაზახ იელდოს სმეტოვთან დამარცხდა, რომელიც უკვე მომდევნო დაპირისპირებაში სარდალაშვილმა დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.
აქ გიორგიმ ფრანგი ვალადიერ პიკარდის დამარცხებაც მოახერხა და ფინალში გავიდა. თუმცა, იქ იპონით, ტურნირის მასპინძელ, 27 წლის დოსტონ რუზიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
დღესვე იასპარეზა -66კგ წონით კატეგორიაში საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ლაშა ნადირაძემ, რომელიც საწყის ეტაპზევე დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის გრან სლემზე, საქართველო 6 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი. შესაბამისად ხვალ და ზეგ, ჩვენები კიდევ ორ წონით კატეგორიაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას. აქედან ბოლო დღეს, წონა, -100 სადაც გამოცდილ და ლეგენდარულ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, იმედა გოგოლაძე იასპარეზებს, გაორებული გვაქვს.
ხვალ კი, -73კგ წონით კატეგორიაში ტატამზე ბაგრატ ნინიაშვილი გამოვა.
ფოტო: © IJF / თამარ ყულუმბეგაშვილი