დიორში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მორიგი დღე და პირველი „უფროსებს" შორის ახალგაზრდული პირველობისგან განსხვავებით მედლების გარეშე დასრულდა ქართული გუნდებისთვის. 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში თავდაპირველად ქალებმა იასპარეზეს და სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფინალს მიღმა დარჩნენ.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ტრიოდან (ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე და მარიამ მარშავა), ყველაზე კარგად ახალგაზრდა სპორტსმენმა და ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა უფროსებს შორის, 18 წლის მარიამ მარშავამ იასპარეზა. სპორტსმენმა, რომელსაც არა თუ უფროსებში, არამედ თანატოლებშიც, საერთაშორისო არენაზე გამოსვლის ასპარეზობა აქამდე არ ჰქონია, 565 ქულა დააგროვა, რაც საბოლოოდ, 30-ე ადგილი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქართველმა შეჯიბრის პირველი ნახევარი უკეთ ჩაატარა. როგორც საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაციის ვებ-გვერდი იტყობინება, მარშავამ, შესარჩევი ეტაპის პირველი ნახევარი უფრო კარგად ჩაატარა. ქართველს, ერთადერთი ჩავარდნა, მესამე სერიაში ჰქონდა. სამაგიეროდ, მომდევნოში 97 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ამდენივე ქულა, ტურნირზე, კიდევ 4-მა მსროლელმა დააგროვა, მაგრამ დამატებითო მაჩვენებლებით მარშავა მათ შრის ერთს ჩამორჩა, ორს კი გაუსწრო. არადა, ამ ორიდან ერთი, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, ბულგარელი ანტოანეტა ბონევა იყო.
ქალთა შორის საერთო ჯამში 64 სპორტსმენი მონაწილეობდა. აქვე გეტყვით, რომ 564 ქულით 35-ე ადგილზე გავიდა ლიზი კილაძე, ვეტერანმა და ყველაზე ტიტულოვანმა და არა მხოლოდ საქართველოში, ნინო სალუქვაძემ კი, 554 ქულა დააგროვა და ამჯერად, მხოლოდ 53-ე ადგილის დასჯერდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებს 1683 ქულა დაუგროვდათ და მე-8 ადგილზე გავიდნენ.
დღესვე, 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა ქართველ კაცთა სამეულმაც - კაკო მოსულიშვილი, ცოტნე მაჭავარიანი, ლევან ქადაგიძე. სამწუხაროდ, ქალების მსგავსად, ფინალურ ეტაპზე გასვლა ვერც მათ მოახერხეს. ჩვენი გუნდიდან ორმა, კაკო მოსულიშვილმა და ცოტნე მაჭავარიანმა გამოსვლა ერთნაირი შედეგით, 569-569 ქულით დაასრულეს და საბოლოო ცხრილშიც, ერთმანეთის მეზობლად დამკვიდრდნენ. თუმცა, მოსულიშვილს, ერთით მეტი „10-იანის" გამო 41-ე ადგილი ერგო, მაჭავარიანი კი 42-ე ადგილზე მის უკან აღმოჩნდა. ჩვენი გუნდის მესამე წარმომადგენელმა, ლევან ქადაგიძემ, 663 ქულით, ასპარეზობა 70-ე ადგილზე დაასრულა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს კაცთა ნაკრებმა, 1701 ქულა და მე-17 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები გახდა - 1737 ქულით, მეორეზე თურქეთი გავიდა 1735, მესამეზე კი, უკრაინა 1732 ქულით.