თებერვლის ორი სპარინგი და სამზადისი აპრილისთვის
თებერვლის ორი სპარინგი და სამზადისი აპრილისთვის
29.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

5 მარტს, უეფა-ში, ქალთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. დაახლოებით 15:00-დან 16:00 საათამდე, თბილისის დროით, ჩვენ გავიგებთ, თუ 2024 წლის აპრილიდან, რომელ ჯგუფში და ვის წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა ირის ანტმანის საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს.

გზა შვეიცარიამდე, სადაც ევროპის 2025 წლის ფინალური ეტაპი გაიმართება, საკმაოდ გრძელია. თუმცა, უფრო ახლოა თამაშები, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გასასვლელი საგზურისთვის 2024 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.


ისევე, როგორც ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისას ამჯერადაც, უეფა, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გუნდებს სამ დივიზიონში გადაანაწილებს. A და B დივიზიონში 12 - 12, C დივიზიონში კი 15 გუნდი იასპარეზებს.




სწორედ, ამ გათამაშებისთვის დაიწყო 2024 წელს სამზადისი საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 14 დღიანი შეკრება ორი სპარინგით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 25 და 28 თებერვალს, ირის ანტმანის გაწყვრთნილი ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, ორჯერ დაუპირისპირდა ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს და ორივე შეხვედრაში მშრალი ანგარიშით, 3-0 და 1-0 გაიტანა. ბუნებრივია, ასეთი ანგარიშით დასრულებულ შეხვედრებში უფრო ხშირად მეკარეებზე ამახვილებენ ყურადღებას თუმცა, ამჯერად, თუკი ერთ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარს თათია გაბუნია იცავდა, მეორეში ის სვეტლანა გაველაიამ ჩაანაცვლა. აი, ორივე შეხვედრაში კი დაცვაში, უცვლელად გამოცდილმა ქართველმა მცველმა თამარ ტატუაშვილმა ითამაშა და ამასთან 28 თებერვლის მატჩში, სწორედ, მისი გატანილი გოლით გაიმარჯვა.


რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშები იყო ჩვენთვის. უხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაშები იყო. შეკრების დღიდან ძალიან სერიოზულად მიუდგა თითოელი ფეხბურთელი მომზადებას და შეკრებამდეც, სამწვრთნელო სტაფის მიერ იყო დაგეგმილი და გამოგზავნილი მოსამზადებელი პროგრამა, რადგან მოგეხსენებათ საქართველოს ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა. ასე რომ შევეცადეთ, მეტნაკლებად ოპტიმალურ ფორმაში შევხვედროდით ამ თამაშებს",  - ამბობს ირის თამარ ტატუაშვილი TSFF.Ge-სთან საუბრისასა და დასძენს: ძალიან სასიხარულოა ზოგადად გოლის გატანა და მითუმეტეს, ნაკრების მაისურით გატანა ორმაგად სასიხარულოა. თან, როცა ამ გოლით გუნდი იგებს - ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის. ვფიქრობ, საბოლოოდ, ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი გამოდგა ეს შეკრება რადგან მოგეხსენებათ ვემზადებით აპრილის შესარჩევისთვის და გვინდოდა, ჩვენი ძალები მოგვესინჯა, გაგვეგო რაში გვიჭირს, რა უკეთ გამოგვდის და რას ვერ ვაკეთებთ. მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ ყველა ფეხბურთელმა ჩვენ თავთან რომ უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ მომავალ შესარჩევზე".




გამომდინარე იქიდან, რომ „ტატუ" საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი და  გამოცდილი წევრია, ბუნებრივია, გვაინტერესებდა მისი აზრიც, საქართველოს ქალთა ნაკრების პროგრესზე.


რაც შეეხება წინსვლას, ირის ანტმანი მთავარ მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნის დღიდან ვფიქრობ, წინსვლა შეიმჩნევა და ეს, შედეგებზეც აისახება. ძალიან დადებითი და სამუშაო ატმოსფერო აქვს შექმნილი. მე პირადად, დიდ მადლობას ვუხდი ამისათვის. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელს შეეტყო განვითარება, რადგან სწორ ფეხბურთს გვათამაშებს და ვფიქრობ, რაც დრო გავა, უფრო მეტად აისახება თითოელ ჩვენგანზე", - ამბობს „ტატუ".




შეგახსენებთ, რომ თამარ ტატუაშვილი, ამ მომენტისთვის თურქეთის ქალთა სუპერლიგაში, „თრაბზონსფორის" ღირსებას იცავს ანა ჩემინავასა და თეონა ბაქრაძესთან ერთად, რომლებიც, ზემოთაღნიშნულ შეხვედრებში ასევე გამორჩეულები იყვნენ. მართალია, ბაქრაძეს ამ მატჩებში გოლი არ გაუტანია, თუმცა, გუდის საერთო წარმატება მის თამაშთანაც არის კავშირში, რაც შეეხება ჩემინავას, მან პირველ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. და ბოლოს, ჩრდ. მაკედონიასთან გამართულ ორი შეხვედრიდან ერთში გუნდის კაპიტანი ანა ჩემინავა იყო, მეორეში კი, თამარ ტატუაშვილი.