ორი სპარინგი ორი გამარჯვება, ირის ანტმანის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები კარგად იწყებს
ორი სპარინგი ორი გამარჯვება, ირის ანტმანის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები კარგად იწყებს
28.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის მეორე მატჩიც მოიგო. კვლავ ამხანაგური და კვლავ ჩრდ. მაკედონის წინააღმდეგ. თუმცა, ამჯერად ირის ანტმანმა როტაციას მიმართა, დაასვენა თათია გაბუნია, ნინო პასიკაშვილი,  გვანცა ქადაგიშვილი, ტატა მატვეევა და მაიკო ბებია. ნება დართო თამარ ტატუაშვილს, ანა ჩემინავას ნაცვლად ეკაპიტნა გუნდისთვის და სასტარტო შემადგენლობაშიც, რამდენიმე ახალი სახე ვიხილეთ. მაგალითად, დღეს ძირითადში დაიწყო თამაში სვეტლანა გაბელიამ, ანა პავლიაშვილმა, ნინო ჩხარტიშვილმა, ანასტასია ბოლქვაძემ და ნინო ბუხრიკიძე. წინა შეხვედრისგან განსხვავებით დღეს, შეცვლაზე 2024 წლის პირველი შეხვედრები ჩაატარეს სალომე გასვიანმა და სალომი დიმოლუპომ.


„საკმაოდ დიდი შეკრება გამოვიდა. გოგონებმა 14 დღის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს. ორი რთული თამაში ჩავატარეთ 48 საათიანი ინტერვალით. ჩვენთვის, ეს ძალიან კარგი შედეგია. ბევრი გამოწვევა გვქონდა ვირუსის გამო, მეორე მატჩის წინ რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. თუმცა, ბედნიერი ვარ, რადგან მათ, ვინც დღეს მოედანზე გამოვიდა, თამაშის მოგება შეძლეს. მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, რომ საკმაოდ დიდი შემადგენლობა გყავს და ფეხბურთელებს ნებისმიერი დროს და ნებისმიერ პირობებში შეუძლიათ გამარჯვებისთვის ბრძოლა, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის", - ამბობს ირის ანტმანი მატჩის დასრულების შემდეგ.


სხვათა შორის, როტაციას მიმართა ჩრდილო მაკედონიელებმაც. ალბათ, ქართველი გულშემატკივრისთვის რაც ამ ფაქტში საინტერესოა ისაა, რომ ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგე გუნდში 23 ნომრით მოთამაშე ცენტრალური მცველი ანა მილჩევსკა, მალე ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი გუნდის „ლანჩხუთის" ღირსებას დაიცავს. უნდა ითქვას, რომ ანამ საკმაოდ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. დანარჩენს დრო უჩვენებს.


რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რამდენიმე მომენტის გარდა, რომელშიც სვეტლანა გაბელაიამ გამოიჩინა თავი, შეხვედრა საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, სტუმართაგან ბევრი პროვოკაციისა და უხეშობის ფონზე.


ქართველებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მე-8 წუთზე ჰქონდათ, როცა ანა ჩემინავას წაქცევისთვის თეონა სტურუამ ჩრდ. მაკედონიელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. თუმცა, თეონა ბაქრაძემ შანსი ვერ გამოიყენა. შესაძლოა, და ალბათ, სხვა დროს, ეს მომენტი, საქართველოს ნაკრებს „დაშლიდა", თუმცა, ამჯერად, ანტმანის „ხელი" აშკარად დაიწყო გუნდს და ჩვენები არა თუ „დაიშალნენ", პირიქით, გააქტიურდნენ. მე-17 წუთზე სტანდარტულის შემდეგ, ჯერ ანასტასია ბოლქვაძე ეცადა ბურთის თავით კარში გადაგზავნას, შემდეგ, ნინო ბუხრიკიძე, თუმცა, მცველებმა მაკედონიელთა მეკარე გადაარჩინეს, სანამ ბურთი გამოცდილ თამარ ტატუაშვილამდე მივიდა. ამ უკანასკნელის დარტყმული კი, საბოლოოდ როგორც გაირკვა „სამქულიანი" აღმოჩნდა.


„დღევანდელი თამაში ძალიან რთული აღმოჩნდა. გვაკლდნენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ ამ თამაშის მოსაგებად. მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დადებითი ემოციების შევხვდეთ. ვამაყობ, ჩვენი გუნდით. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ორკვირიანი ციკლი გამოგვივიდა", - ამბობს ანასტასია ბოლქვაძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი, რომელიც 25 თებერვალს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. იმ შეხვედრაში წლის პირველი გოლი მაიკო ბებიამ გაიტანა. ამის შემდეგ, კი, ანა ჩემინავამ დუბლი შეასრულა. ჩემინავა, საქართველოს ნაკრებში დღესაც ყველაზე შესამჩნევი იყო.


არ მინდა „თვალი ეცეს", მაგრამ საკმაოდ მომატებული აქვს მარიამ კალანდაძეს და ჯერ-ჯერობით „ტატუსთან" ერთად, საკმაოდ კარგად დგას დაცვაში.


„ერთა ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მცირედი დაგვაკლდა. ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მომდევნო ციკლში უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. ბედნიერი  ვარ, რადგან შეკრებიდან შეკრებამდე გოგონები აუმჯობესებენ საკუთარ თამაშს", - ამბობს ორკვირიანი შეკრების დასრულების შემდეგ ირის ანტმანი, რომლის გუნდსაც სულ მალე, მიმდინარე წლის აპრილში, ახალი „გამოცდა" ელით. 5 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდება ცნობილი. საკვალიფიკაციო ეტაპი აპრილში დაიწყება.


და ბოლოს, დღევანდელ შეხვედრას ქართველ ქალ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა: არბიტრი - თეონა სტურუა, პირველი ასისტენტი - ხათუნა მაისურაძე, მეორე ასისტენტი - სოფო წულაია, მეოთხე მსაჯი - მზევინარ შარაშანიძე.


მატჩის სრული ფოტო-ამბავი (რედაქტირებულია მოგვიანებით)