„ცხელი ფავორიტები" ასე მოიხსენიებს ISU ქართველ მოციგურავეებს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილს, რომლებიც ტაიბეიში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის მოკლე პროგრამის შემდეგ 71.53 (39.90 / 31.63) ქულით ლიდერობენ. თავისუფალი პროგრამის წინ, ჩვენები, უახლოეს მდევარ წყვილს აშშ-დან 9.2 ქულით უსწრებენ.
მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა 7 ელემენტისგან (3Tw, 2A, 3LoTh, 3Li, FCCoSp, StSq, FiDs) შემდგარი მოკლე პროგრამა ბილი სტიუარტის SUMMERTIME-ზე შეასრულეს. სხვათა შორის მცირედით, მაგრამ პირადის შედეგის გაუმჯობესებაც მოახერხეს და მცირე ოქროს მედლებიც სიამოვნებით ჩაიბარეს.
„თავს კარგად ვგრძნობთ და ამით ბედნიერები ვართ. მცირედით მოვახერხეთ საკუთარი მაჩვენებლის გაუმჯობესება და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. სხვათა შორის ჩემთვის, იუნიორთა ტურნირზე ასპარეზობა უფრო რთულია ვიდრე, სენიორებში, ორმაგი აქსელის გამო", - ამბობს ლუკა ბერულავა. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდულ ტურნირზე სპორტულ წყვილებში ორმაგი ნახტომებს რიგ-რიგობით ასრულებენ და ამჯერად ორმაგი აქსელი იყო.
„რეალურად უფროსების მსოფლიოზე უკვე ვიასპარეზე, მაგრამ ყველა შეჯიბრი ნამდვილად კარგია და ვგრძნობ მხარდაჭერას. ჩვენთვის, შეჯიბრი არის ზეიმი და გულით მინდა ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის, ამის შანსი ყველას არ ეძლევა", - ამბობს ანასტასია მეტელკინა.
მეტელკინასა და ბერულავას წყვილი თავისუფალ პროგრამაში 29 თებერვალს, 15:00 საათზე იასპარეზებს.
ფოტო: © ISU