ქართველმა მსროლელმა გოგონამ თელავიდან, მარიამ ფროდიაშვილი დღეს, უნგრულ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში დუბლი შეასრულა და ორი ოქროს მედალი მოიგო. ორი დღის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ჰეთ-თრიქიც შეასრულა და საერთო ჯამში სამ ოქროს მედალთან ერთად, ახალგაზრდებს შორის ევროპის რეკორდიც დაამყარა. მარიამმა 242.2 ქულა დააგროვა.
დღევანდელი დღე კი, მარიამმა საქართველოს გოგონათა ნაკრებთან ერთად რომელშიც მასთან ერთად მისი ტყუპისცალი და, სალომე ფროდიაშვილი და მარიამ აბრამიშვილი ასპარეზობდნენ გუნდურ ჩათვლაში გაიმარჯვა.
დღის ბოლოს კი, მარიამ ფროდიაშვილმა ინდივიდუალურ ჩათვლაში მოგებული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ფინალშიც წარმატებულად იასპარეზა. ქართველი, მე-10 გასროლიდან დაწინაურდა და მომდევნო 14 გასროლა ახლოსაც კი არ გაიკარა არავინ. მიუხედავად იმისა, რომ სლოვენიელი მანია სლაკი ბევრს კი ეცადა მას დასწეოდა, მარიამმა მას კახური სიდინჯით აჯობა და საბოლოო ჯამში 4.4. ქულით აჯობა მეტოქეს.
შეგახსენებთ, რომ მარიამმა პირველი ოქრო გუში, ქუთაისელ გიორგი მუმლაძესთან ერთად მოიგო შერეულ წყვილთა შეჯიბრში.
უნგრულ დიორში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე, 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში ფინალში გავიდა გიორგი მუმლაძე. იქ, 3 ბარიერიც გაიარა და საბოლოოდ, 177.1 ქულით, მე-5 საფეხურზე დაასრულა გამოსვლა. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი მუმლაძემ შედარებით სუსტად ჩაატარა. თუმცა, შემდეგ უფრო მოუმატა, მეოთხე სერიაში 98 ქულაც კი დააგროვა და ჯამში 570 ქულით, 83 მონაწილეს შორის მე-7 ადგილზე გავიდა. ქუთაისის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ახალგაზრდებს შორის ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს მედალოსანი იოანე ხვარეშიამ 562 ქულით 24-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. მას ერთი ქულით და 2 ადგილით ჩამორჩა თელაველი შოთა სუმბაძე.
ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ნაკრები კი გუნდურ ჩათვლაში 1693 ქულით, მე-6 ადგილზე გავიდა. უკრაინამ 1706 ქულით ევროპის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. ვერცხლი რუმინელებს ერგოთ 1700 ქულით, ხოლო მესამე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა 1695 ქულით.
სტატიაში გამოყენებულია European Shooting Confederation-ის ფოტო