პნევმატური იარაღით სროლაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა წყვილებში ოქროს მედალი აიღეს. მარიამ ფროდიაშვილისა და გიორგი მუმლაძის წყვილმა უნგრეთში მიმდინარე ქალაქ დიორში, წარმატებას 10 მეტრზე პნევმატური იარაღით სროლაში მიაღწია.
საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, კონტინენტის პირველობაზე, სადაც საქართველოს რამდენიმე ნაკრებით ასპარეზობს, მარიამი და გიორგი მეორე ნაკრებს წარმოადგენენ. შერეულ წყვილებში ოქროს მედლისთვის გზად საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ჩვენმა ახალგაზრდულმა წყვილმა 570 ქულა დააგროვა და 2 ქულით გაუსწრო გერმანულ დუეტს. სწორედ, გერმანელებს დაუპირისპირდნენ ჩვენები ოქროსთვის ფინალში.
ფინალში, მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ, გერმანელი წყვილი ცელინა ბეკერისა და ედუარდ ბაუმაისტერის შემადგენლობით ანგარიშით 17-15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
„ბრინჯაოს ფინალში" ლატვიის მეორე და აზერბაიჯანის პირველი გუნდებს შორის გამარჯვება მეზობლებს ერგოთ წილად.
ევროპის ჩემპიონატი დიორში დღეს, 26 თებერვალს, ახალგაზრდებში შერეულ წყვილთა ტურნირით დაიწყო. შეჯიბრებაში ჩვენი მეორე გუნდიც გამოდიოდა - თბილისელი მარიამ აბრამიშვილისა და ქუთაისელ იოანე ხვარეშიას შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ ურიგოდ არც მათ უასპარეზიათ და 561 ქულაც დააგროვეს, თუმცა ფლეი-ოფში გასასვლელად ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.
დიორში, ევროპის ჩემპიონატში პნევმატური პისტოლეტიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში 27 თებერვალსაც ახალგაზრდები იასპარეზებენ. ამჯერად, პირად პირველობაში, რაც, პარალელურად, გუნდური ჩათვლის შედეგებსაც გამოავლენს. საქართველოს გუნდები როგოც კაცთა, ასევე ქალთა შორისაც სრულად დაკომპლექტებული გუნდებით (3-3 მონაწილე) იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები
კაცთა გუნდები: გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია (ორივე - ქუთაისი), შოთა სუმბაძე (თელავი)
ქალთა გუნდი: მარიამ და სალომე ფროდიაშვილები (ორივე - თელავი), მარიამ აბრამიშვილი (თბილისი)
აქვე გეტყვით, რომ კონტინენტის პირველობაზე, რომელიც პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია, საქართველოდან 12 მსროლელი (ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, მარიამ მარშავა, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, აკაკი მოსულიშვილი, მარიამ ფროდიაშვილი, სალომე ფროდიაშვილი, მარიამ აბრამიშვილი, გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე) იასპარეზებს.
უნგრეთამდე, ქართულმა გუნდმა ესპანეთში, გრანადაში, მსოფლიოს თასზე იასპარეზა, სადსაც ახალგაზრდებმა 4 მედლის მოპოვებაც მოახერხეს, თითო ოქრო-ვერცხლი და ორიც ბრინჯაო.
ფოტო: © ISSF