საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, ფიბა-ს ევრობასკეტი 2025-ის მეორე შესარჩევი შეხვედრა წააგო 63-73 (მატჩის სრული სტატისტიკა), ამჯერად თბილისში და განსხვავებით პირველი მატჩისგან, ბევრად უფრო ძლიერ და მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონთან სერბეთის ნაკრებთან. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ალეკსანდერ ჯიკიჩი სხვათა შორის აღნიშნავს, რომ ახლა შესაძლოა ვინმემ იკითხოს, დანიასთან ასე, რომ გეთამაშათ ხომ არ წავაგებდითო, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება „ბლა, ბლა, ბლა"-ო. თუმცა, ფაქტია, რომ რამდენიმე დღის ადრე, საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, ის თამაში რომ ეჩვენებინა რაც დღეს, „თბილისის არენაზე", სასტარტო შეხვედრას ნაღდი არ წავაგებდით.
თუმცა, ის უკვე წარსულია, ამიტომ, ახლა დღევანდელ მატჩზე ვისაუბროთ. თამაშამდევე ცნობილი იყო, რომ ორივე გუნდი ამ დაპირისპირებას დანაკლისით შეხვდებოდა. ჩვენ, ტრავმირებული რატი ანდრონიკაშვილის, დუდა სანაძის და ლუკა ლიკლიკაძის, თუმცა, ისევე, როგორც სრულიად ჯანზე მყოფი გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გარეშე. ახლა, სერბების დანაკარგს თუ გადავხედავთ, მაშინ მივხდებით, რომ ამ კუთხით დიდად საწუწუნო არაფერი გვაქვს, თუნდაც რეალობა იყო ის გარემოებაც, რომ სერბეთს დიდი არჩევანი ფუფუნებაც აქვს. დღევანდელ შეხვედრაში კი გუნდს ტრავმების გამო მილუტინოვი და ტოპიჩი აკლდნენ. სერბეთის შემადგენლობაში არ იყვნენ არც სმაილაგიჩი და რადოვანოვიჩი, რომლებიც ბოლომდე არ არიან გამოჯანმრთელებულნი. ფიბა-ს რეგულაციებიდან გამომდინარე ჩვენმა მოწინააღმდეგემ ვერ გამოიძახა ტრისტან ვუკჩევიჩი. იოვიჩი კი, თბილისში ოჯახური პრობლემების გამო არ ჩამოვიდა.
მიუხედავად ამისა, წყვილში ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ერთ მომენტში ჯიკიჩის გუნდი დაწინაურდა კიდეც, სერბებმა პირველი მეოთხედი მაინც მოგვიგეს, 12-21. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, სვეტისლავ პეშიჩი იტყვის, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მის გუნდს უბრალოდ ვალდებულს ხდის და მოტივაციას ჰმატებს თამასა არ დააგდოს. საპირისპიროდ, ქართველთა მწვრთნელი, რიგ მომენტებში მისი მოთამაშეების მხრიდან კონცენტრაციის დაკარგვაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა, ამ ჯერზე, კონკრეტული გვარების დასახელებიდან თავს იკავებს.
რეალურად, ეს „დაკარგული კონცენტრაცია" გახდა დანიაშიც, მარცხის მიზეზი და დღესაც, თბილისში „გამაზული" შანსები, მეტოქესთან „კუდზე" მიმჯდარებს, ბოლომდე ებრძოლათ. საქართველოს ნაკრები, რომელმაც მეორე მეოთხედში მოახერხა მოგება 19-17 და დიდი შესვენებაზე მხოლოდ, 7 ქულის ჩამორჩენით (31-38) გავიდა, მესამე მეოთხედში, რამდენჯერმე 4 ქულაში მიუახლოვდა, თუმცა, ისევე როგორც ბოლო მეოთხედის საწყის წუთებზე, თუმცა, აქ შეცდომებმა (ალბათ, უფრო ზემოთხსენებულმა დაკარგულმა კონცენტრაციამ) იმატა და სერბებმაც სხვაობა 15 ქულამდე გაზარდეს. თამაშის შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას ვანია მარინკოვიჩი იტყვის, რომ მისმა ნაკრებმა გუნდურად კარგად ითამაშა დაცვაში. სერბეთმა მესამე მეოთხედი 21-22 მოიგო, ბოლო კი, 11-16.
ბუნებრივია, მეოთხედების მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ ჯიკიჩის გუნდი პირველ ათ წუთში ჩავარდა, ხასიათში გადაუვიდა და გადამწყვეტ მომენტებში, უფრო ნერვებს აჰყვა. ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების პრობლემა იყო და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იქნება პერიმეტრი. შეტევისას დაბალი მაჩვენებელი და პირიქით, დაცვაში, 3-ქულიანი ზონიდან მიღებული ბევრი ბურთი.
„შეიძლება ბოდიშადაც ჩათვალოთ, მაგრამ ჩვენ არ გვგქონდა დიდი დრო მოსამზადებლად. არა მხოლოდ, დღევანდელ თამაშს ვგულისხმობ, არამედ, ორივე მატჩი მაქვს მხედველობაში. ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი, ახალი სათამაშო სტრუქტურა და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიბრძოლეთ მთელი თამაშის მანძილზე, მაგრამ ზოგიერთი სულელური შეცდომისა და დეტალების გამო, მათ ანგარიშში შორს წასვლის შანსი მივეცით. ჩვენ გვაქვს კიდევ თამაშები და მეტი დრო მოსამზადებლად . ჩვენ, ვიქნებით მზად.
ნებისმიერი მოთამაშე და მათ შორის მეც ვფიქრობ, რომ თუკი კალათბურთელი ბრძოლისუნარიანია, ის არასდროს იქნება კმაყოფილი იმ შედეგით რაც ამ ორ თამაშში ვაჩვენეთ. ჩემს თანაგუნდელებსაც და მეც შეგვიძლია, ბევრად უფრო უკეთესად თამაში. მე მოხარული ვარ, რომ ისევ მომეცა შანსი ჩემი ქვეყნის ნაკრებში ყოფნის. მზად ვარ გამოვიდე პარკეტზე და დავეხმარო ბიჭებს თამაშის მოსაგებად. ვიმედოვნებ, რომ მომავალ მატჩებში ამას გავაკეთებ", - ამბობს ბექა ბურჯანაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან შეხვედრისას. აქვე გეტყვით, რომ ბურჯანაძემ პარკეტზე პირველ შეხვედრასთან შედარებით უფრო მეტი დრო გაატარა, პარკეტზე 18:17 წუთი დაჰყო და 6 ქულაც დააგროვა.
ალბათ, იმის თქმა, რომ დღეს ჯიკიჩის საქართველოს ნაკრებს, რომელიმე სერბის „გაჩერება" გაუჭირდათ, არ იქნება მართალი. ჩვენმა მოწინააღმდეგემ გუნდურობით უფრო გვაჯობა. თამაშის შემდეგ ჯიკიჩი იტყვის, რომ შესაძლოა, დღეს ჩვენი მეტოქე რომ არ ყოფილიყო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ჩვენს ეს თამაში მოგვეგოო. მოვიგებდით თუ, არა, ეს ალბათ, სხვა „ოპერის" თემაა. საქართველოს ნაკრების რიგებში კი, როგორც პირველ თამაშში, დღესაც საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. კაპიტანმა, 33:24 წუთი დაჰყო, 19 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.
თოკოზე, ზუსტად 24 წამით, ერთი შეტევით მეტი გაატარა, ჩვენი გუნდის ახალმა ნატურალიზებულმა ჯო ტომასონმა, რომელმაც 13 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თუმცა, აშკარაა, რომ თადის „კარგი დროის" მომსწრეები, ახალი ამერიკელისგან, უფრო ძლიერ თამაშს მოელიან. თუმცა, ისევ თუმცა, ალბათ, ჯოს ჯერ კიდევ გუნდთან შეგუების მომენტი აქვს და გვინდა გვჯეროდეს, რომ მომავალი თამაშებისთვის, ის უფრო აკლიმატიზირებული იქნება ქართულ გარემოსთან.
„ქიდს", ასე ვუძახი მე ზოგიერთ ბიჭს გუნდში, რადგან ისინი ჩემს ასაკთან შედარებით ბავშვები არიან. მინდა, რომ „ფევაძეს" და „გაფროს", უფრო მეტი შანსი მივცე, მაგრამ... რეალურად, მე არ ვარ იმედგაცრუებული რომელიმე კონკრეტული მოთამაშის გამო. ფაქტია, რომ ისინი მართლა ცდილობენ, შეეგუონ ახალ სტრუქტურას, ახალ წესებს, ახალ როლს, ახალ შესაძლებლობებს", - ამბობს ჯიკიჩი, რომელიც დასძენს, რომ „ეს 12 მოთამაშე, ივნისშიც იქნება გუნდის განაცხადში. ეს ამ შეკრების მთელი ბენეფიტი. სულ სხვადასხვა რამეა უყურო ცალკეული კალათბურთელების თამაშს, თუ როგორ თამაშობენ კლუბებში და შემდეგ, შენ გადმოაწყო ისინი სანაკრებო თამაშებისთვის".
სხვათა შორის უჩვეულოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს ქართული კალათბურთის ცოცხალ და მოქმედ ლეგენდას გიორგი შერმადინს. „შერმოს" პირველ ტაიმში მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა 11:28 წუთში აღებული! მთლიანად თამაშში კი, გიორგი ანგარიშზე 23:15 წუთში დაგროვილი 5 ქულაა, 9 მოხსნასთან ერთად. ამ ფაქტთან დაკავშირდებით, მატჩის შემდეგ სერბი ქართველთა სერბ სპეციალისტს მაგალითი მოჰყავს დანიასთან რამდენიმე დღის წინ ჩატარებული მატჩის ბოლო მეოთხედი, გახსოვთ რაც მოხდაო? მე ასეთი შედეგი, ამდენი წელია მწვრთნელი ვარ და არ მქონიაო...
და ბოლოს ის, რაც გვაიმედებს და სერბული ხასიათიდან გამომდინარე იმედს გვისახავს, რომ ჩაგდებული სტარტის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს, ჯიკიჩის განწყობაა: „პირადად მე არ დავნებდები. ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ, ეს ჩემი სტილი არ არის... სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, რაც ჩვენ გვჭირდება, არა იმის, რაც მე მსურს, არამედ, იმის, რაც ეროვნულ გუნდს ესაჭიროება".