დღეს, სანაკრებო კალათბურთიდან „ბუ" გააცილეს - გიორგი ცინცაძე, რომლის საჭირო დროს ჩაგდებული 3-ქულიანები, კალათბურთის ქართველ ქომაგს მალამოსავით ეცხებოდა ხოლმე 20 წლის მანძილზე. სხვათა შორის, ევრობასკეტი 2025-ის მეორე შესარჩევ მატჩში, სერბეთის წინააღმდეგ, სწორედ „ბუ" გახდა იმ ქართველ კალათბურთელთაგან ერთ-ერთი, რომელსაც თბილისი არენა თამაშის მანძილზე ყველაზე ხშირად სკანდირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანმა კალათბურთელმა პარკეტზე, მხოლოდ 20:37 წუთი დაჰყო და გუნდს 6 ქულა შესძინა, საიდანაც ერთი საჭირო დროს, საჭირო სამქულიანი იყო. ამას გარდა, დაუგროვდა 4 მოხსნა და 6 პასი.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო 20 წლისთვის ჩემს მეგობარს და თანაგუნდელს, რომლისთვისაც დღეს გამოსამშვიდობებელი მატჩი იყო და ალბათ, გამომდინარე აქედან, ეს მარცხი, ამიტომ უფრო გულდასაწყვეტია", - ამბობს მატჩის შემდეგ მედიასთან შეხვედრისას ბექა ბურჯანაძე.
„მადლობა „ბუს", რომ ის ამ ფანჯარაში ჩვენთან ერთად იყო. შეეცადა, სანაკრებო კარიერის ბოლო მატჩი მაღალ ნოტზე დაესრულებინა, მაგრამ ამაში მხარი ვერ ავუბით", - ეს კიდევ საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის ალექსანდერ ჯიკიჩის სიტყვებია, რომელსაც 20 წლის მანძილზე, გიორგი ცინცაძესთან ყველაზე ცოტა სამუშაო დრო ჰქონდა.
თანამედროვე ქართული კალათბურთს თვითმყოფადი კალათბურთელის 217-ე შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების მოთამაშეები, სწორედ, ბუსადმი მიძღვნილი მაისურებით გამოვიდნენ. ბუსადმი სამადლობელო ბანერი ჰქონდა გამოფენილი ქომაგთა ტრიბუნასაც.
„ყველა თანაგუნდელთან ერთად პარკეტზე გატარებული თითოეული წუთი მეამაყება. ყველას დიდი მადლობა. ახლა, მეც თქვენთან ერთად ვუქომაგებ ნაკრებს. ბოლო წუთების ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება. არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ არ ვიტირე. რაღაცებზე მანამდე ვიტირე და ალბათ ცრემლები დამეხარჯა'', - იტყვის ბუ მატჩის დასრულების შემდეგ, რომლის დასაწყისშიც, საქართველოს ჰიმნის შესრულებისას ვეტერანმა ცრემლები ვერ დამალა. ეს, ალბათ, სწორედ ის „ცრემლები" იყო, რომელიც გიორგი ცინცაძეს, თამაშამდე „დაეხარჯა".