ხვალ, ბუს გავაცილებთ... და ჯიკიჩი სერბეთს „მიხედავს"?
ხვალ, ბუს გავაცილებთ... და ჯიკიჩი სერბეთს „მიხედავს"?
25.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისი არენაზე 21:00 საათზე ადგილობრივი დროით, საქართველოსა და სერბეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებები ფიბა ევრობასკეტი 2025-ის G ჯგუფის მეორე საკვალიფიკაციო მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ახალი შესარჩევი ციკლის დასაწყისში, რაღა დასამალია და სწორედ, ეს ორი ნაკრები განიხილებოდა ფინალური საგზურების კანდიდატებად.

ხვალინდელ მატჩამდე, ეს ორი ნაკრები, სხვადასხვა წლებში ოთხჯერ უკვე შეხვდა ერთმანეთს და მხოლოდ ერთხელ მოახერხა საქართველოს ნაკრებმა სერბეთის დამარცხება. ამ გუნდების დაპირისპირებებში, საქართველო საშუალოდ 74 ქულას, სერბეთი კი 94-ს აგროვებს. საერთო ჯამში, ამ ოთხ შეხვედრაში ქულებს თუ დავაჯამებთ, ანგარიში 297-374 არის სერბეთის სასარგებლოდ. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა თბილისში, კოვიდ პანდემიის დროს ჩატარდა. ალბათ, კალათბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება 2021 წლის 19 თებერვალს, თბილისური ბაბლის მატჩი, რომელი სერბების გამარჯვებით, 66-92 დასრულდა.


ფიბა-ს სტატისტიკა მატჩამდე


ეს წარსულში, მითუმეტეს, რომ ორივე გუნდი საგრძნობად შეცვლილია... მიმდინარე შესარჩევი კი, სერბეთმა ფინელებთან 16 ქულიანი გამარჯვებით, საქართველომ კი, დანიასთან 6 ქულიანი მარცხით დაიწყო. სხვათა შორის, საქართველოს მარცხს, საერთაშორისო საკალათბურთო მიმომხილველები, სხვა შეცდომებზე მეტად, დანიის დაუფასებლობას მიაწერენ. 2024 წლის 23 თებერვლის სტარტის შემდეგ კი, სტატისტიკას, რომელსაც ბუკმეიკერები ავრცელებენ ამ ორი გუნდის დაპირისპირების წინ, მომავალ მეტოქეებში ტოპ მოთამაშედ, ქულების მხრივ თორნიკე შენგელიას აძლევენ უპირატესობა, დანიასთან დაგროვებული 27 ქულის გამო. სერბებიდან კი ლუკა მიტროვიჩი ჰყავთ გამორჩეული, რომელმაც ფინელებთან მატჩში 19 ქულა დააგროვა. თუმცა, აქ, ალბათ, არ იქნება სწორი, თუ ალეკსა ავრამოვიჩს დავაიგნორებთ, რომელსაც მართალია, ფინელებთან მატჩში სასტარტოში არ დაუწყია, მაგრამ სწორედ, მას უკავშირდება სერბეთის წარმატება პირველ დაპირისპირებაში. მოხსნებში, უდავოდ მიტროვიჩს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა, შერმადინი მას მხოლოდ ერთი მოხსნით ჩამორჩება. ამ სტატისტიკით, შორს რომ არ წავიდეთ, კიდევ ორ დეტალზე, მთა შორის, ასისტებზე გავამახვილებთ ყურადღებას სადაც ჩვენგან, ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჯო ტომასონია დასახელებული, სერბთაგან კი, ჩვენს მიერ უკვე აღნიშნული ავრამოვიჩი. წინა შეხვედრიდან გამომდინარე 3-ქულიანების მხრივ ორივე გუნდიდან თანაბარი %-ული 50/50 მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების დებიუტანტი გიორგი ოჩხიკიძე და სერბი ვანია მარინკოვიჩი გამოჰყვეს. თუმცა, ეს ყველაფერი წინა ტურის მატჩებიდანაა გამომდინარე და თუნდაც, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ხვალ, რომელ კალათბურთელებს მიეცემათ თამაშის საშუალება, ამ ეტაპზე უცნობია.


ხვალინდელი დაპირისპირების წინ, 100%-იანი გარანტიით ცნობილია მხოლოდ, რომ ხვალ, 20 წლიან სანაკრებო კარიერას საქართველოს ნაკრების ვეტერანი, გიორგი ცინცაძე დაასრულებს. გამოსამშვიდობებელი მატჩი „ბუსთვის", რიგით 217-ე იქნება.


მატჩამდე ერთი დღით ადრე, დღეს,  25 თებერვალს, ორივე გუნდმა თბილისში მსუბუქად ივარჯიშა. დიდი ალბათობით, არც ერთი გუნდის შემადგენლობაში 23 თებერვალს ჩატარებული მატჩების შემადგენლობებთან ძირეული ბირთვის ცვლილებები არ იქნება.