ქალთა ეროვნულმა 2024 წელი მოგებით დაიწყო!
ქალთა ეროვნულმა 2024 წელი მოგებით დაიწყო!
25.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის პირველი შეხვედრა ჩაატარა და წელი მოგებით დაწყო.  ჩრდ. მაკედონიასთან ამხანაგურ შეხვედრაში, ჩვენმა გოგონებმა სამი უპასუხო გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს და 3-0 გაიმარჯვეს. ამასთან, დასაწყისშივე უნდა ვთქვათ, რომ თუ არ ჩავთვლით პირველ ტაიმის პირველ მესამედში მაკედონიელთა დარტყმის მერე ხარიხას და ასევე, თამაშის საწყის წუთებზე თამაშგარედან გატანილ და შესაბამისად არჩათვლილ გოლს, რეალურად თათია გაბუნია, სტუმრებს დიდად არც შეუწუხებიათ. სათამაშო მომენტებში, ქართველთა მეკარე, სრულად ახერხებდა მოწინააღმდეგის სახიფათო მომენტების განეიტრალებას.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალთა ნაკრების თამაშს წლებია ვაკვირდები, ასევე თავშივე მინდა ხაზის გასმა პროგრესზე, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში, პირადად მე დავინახე. მოკლე პასები, ფლანგების დროული ცვლა, კედლის გათამაშება, „პასის" გაცემა, მოკლედ ის, რასაც ფეხბურთს თამაში ჰქვია და ერთ სიტყვაში გუნდურობა ეწოდება, რაც კვლავ სუბიექტური მოსაზრებით, გასულ წლებში ნაკრებს აკლდა, თუმცა, თამაშიდან თამაშამდე, ეს წვრილმანი და კაცთა ფეხბურთისთვის ჩვეული დეტალები, ნელ-ნელა ქართულ ქალთა ნაკრებშიც იკვეთება. თორემ, „ტეხნარობა" რომ ქართველებს გენეტიკურად მოგვდგამს  (და მას სწორი მიმართულების მიცემა უნდა), ეს, წინა წლებშიც, შედეგების მიუხედავად, ქალებსაც არ აკლდათ.


შეხვედრის პირველი ტაიმი, თუმცა, ისევე, როგორც თუ, არ ჩავთვლით მეორე ნახევრის საწყის წუთებს, ირის ანტმანის გუნდის უპირატესობით წარიმართა. გამომდინარე იქიდან, რომ მეტოქე ალბათ, წინა შეხვედრების ანალიზის გათვალისწინებით, შეეცადა თეონა ბაქრაძისა და ნათია დანელიასთვის ზედმეტი ყურადღება მიექცია, ამ ორეულმა მაინც მოახერხა მეტოქისთვის პრობლემების შექმნა და ამასთან, დანარჩენმა გუნდმა ითამაშა. ბარემ, აქვე დავძენ, რომ მთლიანად შეხვედრაში, ჩვენი გუნდის თამაში დაცვაში, არც თუ ურიგო იყო. ბუნებრივია, ყველა ეს აღნიშნული გარემოება, საქართველოს ქალთა ნაკრებს, რომელიც ამ ფორმაციით, სწორედ ანტმანის ხელში შენდება, არ აძლევს მოდუნების და თავდაჯერების უფლებას, რადგან თუნდაც, ჩრდ. მაკედონიელები, უკვე 28 თებერვალს, ამ გუნდების მეორე სპარინგში შეეცდებიან დღეს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას. ამისთვის კი, საქართველოს ნაკრებიც მზად უნდა იყოს.


მეორე ტაიმის ქაოტური დასაწყისის შემდეგ, პირველივე კონტრშეტევაზე, ანა ჩემინავას გააზრებული თამაშის შემდეგ, გადაცემის „ჩაკეტვა" მაიკო ბებიამ მოახერხა. სხვათა შორის, „ბებოს" პირველ ტაიმშიც ჰქონდა ანგარიშს გახსნის შესაძლებლობა, თუმცა, მისი დარტყმული მცირედით ასცდა კარს. შესაბამისად, სადებიუტო სანაკრებო გოლი, ბებიამ მეორე ტაიმში გაიტანა.


„საერთოდ ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის და ვეცდები, ასე გავაგრძელო. გუნდს რაც შეეხება, ძალიან გახარებულები ვართ, რომ 2024 წელი მოგებით დავიწყეთ და ბევრს ვიმუშავებთ, რომ ასე გავაგრძელოთ", - ამბობს მაიკო ბებია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი.


53-ე წუთზე, მაიკო ბებიას გოლს, მალე კიდევ ერთი მოჰყვა. 61-ე წუთზე ფლანგზე კარგად იაქტიურა თეონა ბაქრაძემ და ანა ჩემინავა საგოლე პოზიციაზე დატოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმაც არ დააყოვნა და საკუთარი გუნდი, ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. ამის შემდეგ, ანგარიშის გაზრდის საშუალება ჰქონდა ანასტატია ბოლქვაძესაც. დასამახსოვრებელი იყო ტატა მატვეევას მომენტიც, რომელმაც ცენტრიდან წაიღო ბურთი და თანაგუნდელთან გაითამაშა, თუმცა, მისი თავური, საბოლოოდ, მიზანს ოდნავ აცდა. დაახლოებით, მატვეევას მომენტის მსგავსი კი, 83-ე წუთზე, ანა ჩემინავამ დუბლით დაასრულა. უბრალოდ, ელენე ენჯიბაძის გადაცემის შემდეგ, მატვეევასაგან განსხვავებით, ჩემინავამ მთელი „საქმე" თავიდან ბოლომდე თავად გააკეთა.


„პირველ რიგში, მადლობა გულშემატკივარს, ასეთ ცივ ამინდში რომ არ დაიზარა სტადიონზე  მოსვლა. მათი მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება გოლებს,  უბედნიერესი ვარ  ამ გატანილი გოლებით.  ნაკრებში გატანილი ყველა გოლი უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. მადლობა სტაფს და გოგონებს, ჩვენ დიდ შრომას ვდებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ თამაშებზე",  - ამბობს ანა ჩემინავა.


ირის ანტმანმა 2024 წლის პირველი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: თათია გაბუნია, გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი, მარიამ კალანდაძე, ნინო პასიკაშვილი, თეონა ბაქრაძე, ნათია დანელია, ანა ჩემინავა, ტატიანა მატვეევა, ელენე ენჯიბაძე, მაიკო ბებია. შეცვლებზე შემოვიდნენ: ნინო ჩხარტიშვილი, ანასტასია ბოლქვაძე, თინათინ ამბალია, ლიზი მწყერაშვილი, ნინო ბუხრიკიძე.


სტატისტიკის მოყვარულთათვის, საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის გუნდების დაპირისპირებაში, რომელიც 3 შეხვედრას ითვლის, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 2-1 დაწინაურდა. შეხვედრას კი, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა ირაკლი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე სჯიდნენ.


საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები 28 თებერვალს, კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე, კვლავ 15:00 საათზე მეორე სპარინგს ჩაატარებენ. მატჩზე დასწრება, შეგახსენებთ, რომ თავისუფალია და ამინდის პროგნოზს თუ გადავხედავთ, 2-3 გრადუსით უფრო თბილის დღე გველის.


ფოტო: (c) სფფ