ფუტსალში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისკენ გრძელი გზა 2024 წლის აპრილში დაიწყება. 8-14 აპრილის ჩათვლით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი 48 ნაკრებიდან 12, სწორედ ამ დღეებში დაიწყებს ასპარეზობას. კიდევ ორი ქვეყნის, ლიეტუვასა და ლატვიის ნაკრებები, როგორც მომავალი ევროს მასპინძელი ქვეყნები ფინალურ ეტაპზე ავტომატურად ითამაშებენ. დარჩენილი 34 კლუბი კი, 2023 წლის დეკემბრის კოეფიციენტების მიხედვით პირდაპირ მაინ რაუნდში ითამაშებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო, მიუხედავად 2023 წლის შემოდგომაზე განვითარებული მოვლენებისა და ჩამორთმეული ქულების, მათ შორის სარეიტინგოსი, უეფა-ს ფუტსალის რეიტინგში, 11 საფეხურით კი არის დაქვეითებული, თუმცა მე-17 ადგილზეა და შესაბამისად, პირდაპირ მეინ რაუნდში მოუწევს თამაში. აღნიშნულ ეტაპზე დანარჩენი 33 გუნდს, სათავეში ის პორტუგალიის ნაკრები უდგას, რომლის 7 წლიანი წაუგებელი ციკლიც 2023-ის 20 დეკემბერს საქართველოს ნაკრებმა თბილისში შეწყვიტა, როდესაც 2-1 გაიმარჯვა (თუმცა, პორტუგალიამ ესეც გააპროტესტა და ჩვენც მორიგი ტექნიკური წაგება ჩაგვიწერეს). ამ 33 გუნდს შორის არის ბელარუსის ნაკრებიც, რომელიც უკრაინაში დაწყებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, უეფა-ს ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან მოკვეთილი იყო, რუსეთთან ერთად, თუმცა, ბელარუსები, რუსებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს უეფა-მ დაინდო. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასეა. თანაც, ბოლო შესარჩევში, და საერთოდ, უეფა-ს ტურნირებზე, 2023 წელს ბელარუსი მსაჯების და დელეგატების მოზღვავება აშკარად იყო. მათ შორის ფუტსალშიც.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მეინ რაუნდში, რომელის წილისყრაც 2024 წლის 30 მაისს გაიმართება უკვე განაღდებული აქვთ ასპარეზობა შემდეგ ეროვნულ ნაკრებებს: პორტუგალია (მოქმედი ჩემპიონი), ესპანეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ფინეთი, ხორვატია, იტალია, პოლონეთი, სლოვენია, აზერბაიჯანი, სერბეთი, საქართველო, ნიდერლანდები, რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სომხეთი, ბელგია, ბელარუსი, მოლდოვა, გერმანია, ჩრდ. მაკედონია, შვედეთი, მონტენეგრო, კოსოვო, ინგლისი, დანია, ალბანეთი, ნორვეგია, საბერძნეთი და თურქეთი.
რაც შეეხება მეინ რაუნდს, აქ კალენდარი ასეთია:
- 2024 წელი 9-18 დეკემბერი
- 2025 წელი 27 იანვარი - 5 თებერვალი
- 2025 წელი 3-12 მარტი
- 2025 წელი 7-16 აპრილი
ამ გუნდებს შეუერთდებიან წინა შესარჩევი ეტაპის სამი ჯგუფის 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. აღნიშნული ჯგუფები საუკეთესოებს მინი-ტურნირების სახით გამოავლენენ - A ჯგუფი კვიპროსში, სადაც 9-12 აპრილს ითამაშებენ კვიპროსი, ანდორა, ესტონეთი და ჩრდ. ირლანდია, B ჯგუფი 11-14 აპრილს ავსტრიაში, ისრაელის, ბულგარეთისა და სან მარინოს ნაკრებებს შორის და C ჯგუფი შვეიცარიაში, სადაც ადგილობრივი ნაკრები მალტასთან, გიბრალტართან და შოტლანდიასთან გაარკვევს ურთიერთობას.
ფუტსალში ევრო 2026-ის საკვანძო თარიღები:
- 2024 წლის 30 მაისი მეინ რაუნდის წილისყრა
- 2025 წლის 15 მაისი ფლეი-ოფის წილისყრა
- 2025 წლის 15-24 სექტემბერი ფლეი-ოფები
- 2026 წლის 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით, ლიეტუვასა და ლატვიაში დაგეგმილი ფინალური ტურნირი.
და ბოლოს, აქვე შეგახსენებთ, რომ ფუტსალში, ევროპის 2026 წლის მეინ რაუნდისთვის მზადებას ავთანდილ ასათიანის გუნდი, განახლებული და ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე, მზადებას უკვე შეუდგა. 2024 წელს, ჩვენმა ნაკრებმა ამ მომენტისთვის დაგეგმილი 8 სპარინგიდან ორი უკვე ჩაატარა, რუმინეთის წინააღმდეგ და ორივეში იდენტური ანგარიშით 4-2 გაიმარჯვა.