წლის პირველი და შესაბამისად, ახალი სანაკრებო ციკლის პირველი ქულები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტანმა მოუტანა. დანიის ნაკრების წინააღმდეგ, თავიდანვე ვიტყვით, რომ თორნიკე შენგელია ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო 27 ქულით. საბოლოოდ კაპიტანმა, ამ 27 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 3 ასისტიც ჩაიწერა, თუმცა, შეხვედრის მეორე ნახევარში, მანაც ბევრი სროლა გააფუჭა.
საერთო დღეს, ალეკსანდარ ჯიკიჩის თავკაცობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, სადაც პირველი ტაიმის პირველ მეოთხედში, ყველაზე უკეთ გამოიყურებოდა. შეხვედრის ამ მონაკვეთშიც იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ბევრი შეცდომა, თუმცა, აქაც და (გვინდა, რომ ასე იყოს და იმედს ვიტოვებდეთ), მომდვენო მეოთხედებშიც ამ შეცდომების ახსნა, გადახალისებულ შემადგენლობას და შეუთამაშებლობას შეიძლება დავაბრალოთ. ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი, დღეს საწყის მეოთხედში ჯიკიჩმა ფევაძის გარდა ყველას მისცა თამაშის საშუალება. ანუ 12 გაცხადებული მოთამაშიდან 11-ს. ეს წინა სამწვრთნელო შემადგენლობისგან ერთ-ერთ განმასხვავებელი ნიშანი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ფევაძემ მეორე მეოთხედი დაიწყო ახალმა, მთავარმა მწვრთნელმა დღეს, განაცხადში მოხვედრილ ყველა მოთამაშეს სათამაშო დროც მისცა და თავის წარმოჩენის საშუალებაც.
პირველი მეოთხედიდან კიდევ რა დაგვამახსოვრდა? ალბათ, გიორგი ცინცაძის საჭირო დროს „გასროლილი" 3-იანი და ჯო ტომასონის (ახალი ნატურალიზებული ამერიკელი) მოკრძალებული პირველი ნაბიჯები ახალ გუნდთან. საქართველოს ნაკრებმა ეს მონაკვეთი 12-23 მოიგო. 8 ქულა თორნიკე შენგელიამ ჩააგდო, 6 ტომასონმა, 5 გიორგი ცინცაძემ, 2-2 ბექა ბექაურმა და გიორგი ოჩხიკიძემ, რომელსაც სანაკრებო დებიუტის გარდა, სასტარტო ხუთეულში თამაშის პატივიც ხვდა წილად.
მეორე მეოთხედში მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი ქულით 16-14 წავაგეთ, პირველი ტაიმის შემდეგ კი, 28-37 ვიგებდით, ჯიკიჩის მშენებარე გუნდში, პატარ-პატარა ნაპრალები უკვე გამოჩნდა. მაგალითად, ბურთის ხშირი დაკარგვა და შეტევაში მოხსნილი, უფრო ზუსტად არმოხსნილი ბურთების რაოდენობა. სხვათა შორის, ამ გარემოებას, მომდევნო მეოთხედებში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 22-16 და 25-16 წააგო კიდევ ერთი, დაცვაში კატასტროფული თამაში დაემატა.
მატჩის შემდეგ ფიბა-ს პრესკონფერენციაზე ჯიკიჩი იტყვის, რომ მისთვის მეორე ნახევარში მიღებული 47 ქულა მიუღებელია. „ყველა თამაშში არის მომენტები რომლებსაც ვერ გამოიყენებ და მოწინააღმდეგე კი ამას გააკეთებს. მაგალითად, როცა ვერ ვიყენებდით მომენტებს, დანიელებმა მოხსნებზე ააკეთეს დიდი სამუშაო, რაც ჩვენ ვერ შევძელით. გაუთვალისწინებელი „ერორები" გვგქონდა დაცვით თამაშში. შესაძლოა, მე სათანადოდ ვერ შევცვალე ვითარება. მიუხედავად ამისა, დღევანდელ თამაშში იყო მომენტები, რომლებიც მომეწონა და პირიქით, რადგან თამაში წავაგეთ", - ამბობს ჯიკიჩი.
პირველი ტაიმის შემდეგ, შენგელიას და ტომასონს პარკეტზე თითქმის 16-16 წუთი ჰქონდათ გატარებული. ფაქტია, რომ სერბი მწვრთნელი ამ ორ კალათბურთელს მომავალშიც გუნდის ხერხემლად მოიაზრებს. თუმცა, აქ, ერთი კითხვა გვიჩნდება. სად არის ამ დროს გიორგი შერმადინი? ჯიკიჩმა „შერმო", რომელიც გუნდს 21 თებერვალს შემოუერთდა რთული საკლუბო თამაშების შემდეგ, თუ, უბრალოდ, ვერ მოუნახა ოთხი კალათბურთელი, რომელთანაც შერმადინს „ფრთების გაშლის" საშუალება ექნებოდა? არადა, შერმადინმაც არ დაჰყო პარკეტზე ცოტა დრო 13:32 წუთი. ვთქვათ, გასაგებია, რომ კახაბერ ჯინჭარაძე, რომელმაც მატჩის საწყის წუთებზევე ჯარიმა აიკიდა, ცოტა ანერვიულდა და ეს განწყობა, მთელს მატჩში გაჰყვა, შესაბამისად, სერბმა ის „გაანიავა", მაგრამ ბექა ბურჯანაძის შემთხვევაში, რომელიც ნაკრებში „დაბრუნდა", გამოცდილებაც ასე თუ ისე, სხვაზე მეტი აქვს და თამაშის „წასვლის" შემთხვევაშიც ბევრი სარგებელი შეიძლება მოუტანოს გუნდს, 4 წუთი? კაცს გამარჯობისთვის არ ეყოფა, კალათბურთში ყოველ შემთხვევაში.
რა მოხდა შემდეგ? მესამე მეოთხედში დანიელებმა გაიღვიძეს და პერიმეტრიდან „ამოგვავსეს". შესაძლოა სულ ასეც არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა სამ ქულამდე დაგვიქაჩეს (50-53), მეოთხე პერიოდში კი, პირველად დაწინაურდნენ, ნელ-ნელა ანგარიში გაზარდეს და მართალია, მხოლოდ, რამდენიმე ქულიანი უპირატესობა, მაგრამ თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. რა ვქენით ჩვენ საპირწონედ? თოკოს, ჯოსა და ოჩხიკიძის სამქულიანების გარდა დიდი ვერაფერი. წინა მეოთხედებში დაშვებულ შეცდომებს რაც დაემატა ამ მონაკვეთში, გაცუდებული საჯარიმო სროლების პროცენტულობაც იყო. მოკლედ, შეხვედრა 75-69 (სრული სტატისტიკა) წავაგეთ. საგანგაშო, მითუმეტეს, რომ ეს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა იყო, თითქოს არაფერი. თუმცა, ახლა სახლში, დანიასთან 6 ქულაზე მეტი ქულით გვაქვს მოსაგები ერთი, მეორე, დანია ჯგუფის აუტსაიდერად ითვლებოდა და შესაბამისად, დაუგეგმავად დაკარგე ქულები. მესამე ჯგუფიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ფინეთია ევრობასკეტი 2025-ის მასპინძელი, ფინალის მხოლოდ ორი საგზური თამაშდება, ჯგუფში კი, სერბეთი გყავს, დანიაში განცდილი მარცხი მიუღებელიც არის. ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე კი, კატასტროფულიც.
და ბოლოს ერთი მომენტი, რომელიც პირდაპირ კავშირში არაა მატჩთან მაგრამ, მაინც... მიუხედავად იმისა, რომ ის ჯიკიჩის სტილში არ ზის... ქართველის ბუნებიდან გამომდინარე, ის მომართულია, თუ მას „ეჩხუბებიან"... ზუროსი, ამ მხრივ ჩვენი ნაკრების „დრაივი" იყო... სულ ყვირილიც არაა საჭირო, მაგრამ თუ მშვიდი და გაწონასწორებული სერბი, ქართველებთან სალაპარაკოდ, რაიმე გასაღებს იპოვის და რაც მალე, უკეთესი, არ იქნება ურიგო.
მოკლედ, ახლა, საინტერესოა რას შეცვლის ჯიკიჩი მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში, თბილისი არენაზე 26 თებერვალს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: © FIBA