საქართველოს ეროვნული სრული შემადგენლობით დანიის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა
საქართველოს ეროვნული სრული შემადგენლობით დანიის წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა
22.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ეტაპზე იწყებს ასპარეზობას. ახალ საკვალიფიკაციო ეტაპთან ერთად, ჩვენს ნაკრებს ახალ მწვრთნელთან და ახალ ყაიდაზე გადაწყობა უწევს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, მედიასთან პირველ შეხვედრისას საქართველოს ეროვნულის ახალმა სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა განაცხადა, რომ რადიკალური ცვლილებები მისი სტილი არაა, ფაქტია, რომ თუ არ ჩავთვლით გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს, ასევე ტრავმირებულ რატი ანდრონიკაშვილსა და დუდა სანაძეს, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან, მომდევნო სანაკრებო ფანჯარაში სერბს არც გიორგი ცინცაძე ეყოლება, რომელიც სანაკრებო კარიერას 26 თებერვალს, თბილისში დაასრულებს. თუმცა, მანამდე ბუ-ს თორნიკე შენგელიასთან და გიორგი შერმადინთან ერთად, საკმაოდ რთული ამოცანა აქვს - ნაკრებს, რომლებიც მართალია ერთმანეთს კარგად იცნობენ, ახალ მწვრთნელთან ერთად, საერთო „ენა" გამოაძებნინოს.

„თავიდანვე ვეცადეთ, რომ ბევრი არ გვეფიქრა დანიაზე, როგორც ოპონენტზე, რამეთუ ეს არის ის, რის გაკონტროლებასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ. ჩვენ ვფიქრობთ, საკუთარ თავზე, თუ როგორ უნდა დავხვეწოთ ჩვენი ხარისხი მაქსიმუმამდე, დავძლიოთ ჩვენი სისუსტეები. ჩვენ გავაკეთეთ ახალი გუნდი, რომელიც სავსებით განსხვავებულია ნაკრებისგან, რომელიც ზაფხულში ითამაშებს",  - ამბობს ალეკსანდარ  ჯიკიჩი „ნესტვედ არენაზე" ჩაწერილ ინტერვიუში, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.


მიუხედავად ამისა, ჯიკიჩს და მის განახლების გზაზე დამდგარ ნაკრებს, ნესტვიდში, სადაც ხვალ, თბილისის დროით, 21:30 საათზე ევრობასკეტი 2025-ის პირველი საკვალიფიკაციო მატჩის გამართვა უწევთ დანიის ნაკრების წინააღმდეგ, ძალაუნებურად სწორედ, მათზე უწევთ ფიქრი.


„საკმაოდ რთული თამაში გვექნება ფიზიკურად ძლიერი დანიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც არის მოტივირებული მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე.  ამაში, მათ ის გარემოებაც დაეხმარებათ, რომ ფინელებმა ისინი ჯგუფში აირჩიეს. ჩვენ, არსებული რესურსიდან გამომდინარე შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი. რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ და ბუნებრივია, ვერ ვაჩვენებთ საუკეთესო კალათბურთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დადებითი შედეგისთვის ეს ,საკმარისი უნდა იყოს. მჯერა რომ მომავალში, გუნდი უკეთესად ითამაშებს. მას შემდეგ რაც ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, ისინი მიხვდებიან, რით შემიძლია დავეხმარო, რომ უკეთესი მხარე წარმოაჩინონ. ეს ყველაფერი, უნდა შევათავსოთ, რადგან ის, რაც მათ შეუძლიათ კარგად გააკეთონ ინდივიდუალურად, ზოგჯერ, კარგი არ არის გუნდისთვის. და, პირიქით. თუმცა მჯერა, რომ ისინი მიხვდებიან, რას ნიშნავს გუნდის ფორმულა და ერთმანეთს თავს გასწირავენ",  - ამბობს ჯიკიჩი.


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დანიაში 20 თებერვალს ჩაფრინდა 12 კალათბურთელის შემადგენლობით. უშუალოდ დანიაში გუნდს ჯერ ბექა ბურჯანაძე, შემდეგ კი, გიორგი შერმადინი შეუერთდნენ. საერთო ჯამში, ჯიკიჩის განკარგულებაში 14 კალათბურთელია, რომელთაგან ხვალ, დანიის ნაკრების წინააღმდეგ 12 მატჩის განაცხადში მოხვდება.


საქართველოს ნაკრების 14 კაციანი შემადგენლობა:  უკანახაზელები: გიორგი ციცნაძე (თსუ), ოთარ ფხაკაძე („დელტა გურჯაანი"), რევაზ როგავა („ბათუმი"), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი"), ჯოზებ ტომასონი („მაქაბი" თელ ავივი, ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, („კავკასია"); ფორვარდები: კახაბერ ჯინჭარაძე (თსუ), თორნიკე შენგელია („ვირტუსი ბოლონია", იტალია), ბექა ბურჯანაძე („კორონა", ესპანეთი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ); ცენტრი: გიორგი შერმადინი („ლენოვო ტენერიფე" ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე, ბექა ბექაური (ორივე „დელტა გურჯაანი");



ფოტო: © საქართველოს კალათბურთის ფედერაცია