გაფართოებული, თუმცა, არასრული შემადგენლობით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმ ნაკრებმა დღეს, თბილისში, ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
„ეს არ არის საკმარისი, უფრო მეტი დრო გვჭირდება, თუმცა, მართლები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. დანიის სახით რა დონის მეტოქეს დავუპირისპირდებით ჯერ არ ვიცი. თავად შეხედეთ, ჩვენს მდგომარეობას. სად არის შერმადინი?", - ამბობს ალეკსანდერ ჯიკიჩი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი.
ეროვნული ნაკრების ვეტერანმა და ნაკრებში გამართული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენმა, გიორგი ცინცაძემ რომელიც სწორედ, თებერვლის ფანჯრის შემდეგ, სანაკრებო კალათბურთისთვის თავის დანებებას გეგმავს, მედიასთან კომენტარისას განაცხადა, რომ ახალმა მწვრთნელმა გუნდში სილაღე შემოიტანა და მოთამაშეებსაც ადვილად შეეწყო. ახალი მწვრთნელის ფაქტორიდან გუნდში არ არის დაძაბულობა. ჯიკიჩი კალათბურთელებთან ღიაა ურთიერთობაში. ეს როგორც ირკვევა გუნდს მოსწონს, ტაქტიკური მონახაზების დახვეწას და შეთამაშებას კი, მითუმეტეს მაშინ როცა, ნაკრებში მეტ-ნაკლებად ახალი სახეები გამოჩდნენ, ყველამ იცის, რომ დრო დასჭირდება.
„ჯერ თამაშებია და მერე ჩემი ბოლო თამაში. თებერვლის თამაშებია მოსაგები, ცერემონიისთვის არავინაა შეკრებილი. საკმაოდ მნიშნელოვანი თამაში იქნება პირველი. საკმაოდ რთულ ქვეჯგუფში ვართ მოხვედრილი და ჯგუფიდან გასასვლელად, დანია ჩვენი უშუალო კონკურენტია. ამიტომ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თამაშია. მოხარული ვარ, რომ ყველა ჯანმრთელები ვართ და მოტივირებულები", - ამბობს გიორგი ცინცაძე.
უკვე მეორე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს კაპიტანი, თორნიკე შენგელია. ეროვნული ნაკრების, ჯერ-ჯერობით მხოლოდ სათამაშო ფორმას ირგებს ჩვენი გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი ჯო ტომასონიც. შესაბამისად ალეკსანდრ ჯიკიჩს, ამ მომენტისთვის, მხოლოდ გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი აკლია, რომლებიც ნაკრებს უკვე დანიაში, ხვალიდან შეუერთდებიან.
„პირველ რიგში მადლობელი და ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის ნაკრებს წარმოვადგენ. ყველა მეგობრულად და თბილად დამხვდა. აქ ყოფნით კმაყოფილი ვარ. ასევე მომწონს სტაფი. მომწონს მოთამაშეები, მწვრთნელები და მე ამ ქვეყნისთვის ვიბრძოლებ მაღალ დონეზე გავაკეთო მაქსიმუმი და ვითამაშო ყოველთვის მოსაგებად. დანიასთან მარტივად, მოსაგებად მივდივართ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებული და იმ დეტალებზე, რომლის გაკონტროლებაც ჩვენი გასაკეთებელია. ვეცდებით, ლამაზი კალათბურთი ვაჩვენოთ" , - ამბობს ჯო ტომასონი.
ჯიკიჩის გუნდი 20, 21 და 22 თებერვალს დანიურ ქალაქ ნესტვედში ივარჯიშებს, ხოლო 23 თებერვალს, „ევრობასკეტი 2025"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის თებერვლის ფანჯრის პირველ შეხვედრას გამართავს დანიის ნაკრებს წინააღმდეგ. დანიაშივე თამაშის წინ დაასახელებს 14-დან იმ 12 მოთამაშეს, რომელიც საბოლოოდ, ახალი სეზონის პირველი თამაშის განაცხადში მოხვდება.
დანიაში კი თბილისიდან ჯიკიჩს შეკრებაზე მყოფი შემადგენლობიდან 12 რჩეული მიჰყავს:
უკანახაზელები: გიორგი ციცნაძე (თსუ), ოთარ ფხაკაძე („დელტა გურჯაანი"), რევაზ როგავა („ბათუმი"), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი"), ჯოზებ ტომასონი („მაქაბი" თელ ავივი, ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, („კავკასია"); ფორვარდები: კახაბერ ჯინჭარაძე (თსუ), თორნიკე შენგელია („ვირტუსი ბოლონია", იტალია), ბექა ბურჯანაძე („კორონა", ესპანეთი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ); ცენტრი: გიორგი შერმადინი („ლენოვო ტენერიფე" ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე, ბექა ბექაური (ორივე „დელტა გურჯაანი");
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დანიაში საქართველოს ნაკრებს ბექა ბურჯანაძე („კორონა", ესპანეთი) და გიორგი შერმადინი („ლენოვო ტენერიფე" ესპანეთი) შეუერთდებიან.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო