IFC-ის რეიტინგები, ოლიმპიური დისტანციები და ქართველთა მოლოდინები
IFC-ის რეიტინგები, ოლიმპიური დისტანციები და ქართველთა მოლოდინები
18.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე დაახლოებით ექვსი თვე რჩება. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ქართველი სპორტსმენის გამოსვლას, თუ სარეიტინგო მდგომარეობას, რომელზეც ისინი იმყოფებიან, ყველა და მათ შორის ჩვენთან, საქართველოშიც, 2024 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. 

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კანოესა და კაიაკში საერთო ჯამში მედლების 10 კომპლექტი გათამაშდება. 5 ქალებში (C1-200 მ, C2-500 მ, K1-500 მ, K2-500 მ, K4-500 მ) და 5 კაცებში (C1-1000 მ, C2-500 მ, K1-1000 მ, K2-500 მ, K4-500 მ).


მანამდე კი, კანოეს საერთაშორისო ფედერაციამ (IFC), დისტანციების მიხედვით მსოფლიო ლიდერ სპორტსმენთა რეიტინგები გამოაქვეყნა. ორგანიზაცია, ტრადიციულად რეიტინგებს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს - მსოფლიო ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის ეტაპების დასრულების შემდეგ. 2024 წლის 8 იანვარს გამოქვეყნებული რეიტინგები, საერთო ჯამში 7 საერთაშორისო ტურნირის მიხედვით დაითვალეს.


ამ რეიტინგებში 200 მეტრიან დისტანციაზე პირველ ადგილზე კაიაკში (K1-200 მ) ბადრი ყაველაშვილი არის  294 ქულით (მსოფლიო ჩემპიონატი მე-2 ადგილი, მსოფლიო თასზე მე-3 ადგილი), კანოეში  (C1-200მ) კი, ზაზა ნადირაძე ლიდერობს 218 ქულით (მსოფლიო ჩემპიონატი 4 პოზიცია, თასის ეტაპები მე-2 ადგილი).


განახლებული რეიტინგებით, ქალებში (C1-200მ), რომელიც ოლიმპიური დისტანციაა, ქართველი  მარიამ ქერდიკაშვილი 149 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქალთა შორის ოლიმპიური სახეობაა, მარიამი პარიზში მოხვედრის შანსებს ინარჩუნებს.



ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსი აქვს კანოისტ ალექსანდრე წივწივაძესაც, თუმცა, ქართველს ერთი სალიცენზიო შეჯიბრი, ევროპის საკვალიფიკაციო რჩება გასაცური.


სამწუხაროდ, ის დისტანციები, რომლებშიც ქართველები რეიტინგის ლიდერები არიან არ არის ოლიმპიური. ყოველ შემთხვევაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დროს. თუმცა, არის ვარაუდი რომ აღნიშნულ დისტანციებს 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე „მწვანე აუნთონ".


ძალიან გაჭირდება, რადგან ვარჯიშის დროს, საკონტროლო გაცურვებისას კარგად ვხედავთ რეალობასო, ამბობს ჩვენთან საუბარში ზაზა ნადირაძე და დასძენს, რომ გია გაბედავასთან ერთად, C2-500 მ დისტანციას ტესტავენ. ეს კი, ოლიმპიური დისტანციაა.