18 თებერვლის დილა თბილისმა გამარჯვებებით აღნიშნა
18 თებერვლის დილა თბილისმა გამარჯვებებით აღნიშნა
18.02.2024
ავტორი: სოფო ერქვანია

ცივი და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, თბილისში, ფილარმონიის წინ რამდენიმე ასეული ქართველი დილის 7 საათზე, ღია ცის ქვეშ, უზარმაზარ მონიტორზე ქართველო მებრძოლების საჩემპიონო ბრძოლებს ელოდა.

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს


UFC-ის ქვემსუბუქ წონაში  საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. დაძაბულ ბრძოლაში, 27 წლის ქართველმა მეორე რაუნდში მეტოქეს ნოკაუტით მოუგო.


ქართველისთვის დღევანდელი წარმატება, MMA-ში ზედიზედ მე-15 გამარჯვებით დასრულებული შეხვედრა იყო. თოფურია, ამ მხივ და დღევანდელი მოცემულობით წაუგებელია. ვოლკანოვსკიმ კი, რომელიც ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული, ამჯერად, გამარჯვება ვერ მოახერხა.


ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ ახალი „ავანტიურა" წამოიწყო და ბრძოლაში, კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.


UFC-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მერაბ დვალიშვილმა. ქართველმა მებრძოლმა ჰენრი სეხუდო 3 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და ზედიზედ მეათე მოგება მიითვალა.


ვინ იქნება შემდეგი


11 თვიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნებული მერაბი მართლაც რომ დამაჯერებელი იყო. მან მექსიკელ მეტოქესთან მხოლოდ პირველი რაუნდი დათმო, ისიც მცირე უპირატესობით 9-10.


სამაგიეროდ მეორე და მესამე რაუნდში შეუჩერებელი იყო. ისე მოიგო, თითქოს არც დაღლილა და შუალედებში მარკ ცუკენბერგთან სასაუბროდაც მოიცალა, რომელიც მერაბის დიდი გულშემატკივარია.


საბოლოო ჯამში ჭიდაობის ოლიმპიური ჩემპიონი და ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დვალიშვილმა დაამარცხა და ახლა UFC-ში 12-დან 10 გამარჯვება დაუგროვდა, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 17 მოგება და 4 მარცხია.


დიდი ალბათობით, დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა უკვე სატიტულო იქნება, ამის შესახებ დანა უაითმა, UFC-ის პრეზიდენტმა განაცხადა. აღნიშნულ სუპერ მსუბუქ წონაში ქამარს შონ ო'მალი ფლობს.