ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მორიგი დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. 97კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა მოახერხა ტიტულის შენარჩუნება და ზაგრების შემდეგ, ევროპის ჩემპიონობა ბუქარესტშიც იზეიმა. ამასთან, ქართველმა ფინალური დაპირისპირება აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვიჩ მაგომედოვთან კომფორტული უპირატესობით და შეიძლება ითქვამს აუღელვებლად 7-1 მოიგო.
ქართული ჰიმნის აჟღერების და ოქროს მედლის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან აკაკი ქემეტელიძემ. სომეხეთის წარმომადგენელ არმენ ანდრეასიანთან შეხვერაში, 7-3 წააგო და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 70კგ წონით კატეგორიაში.
57კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იჭიდავა რობერტ დინგაშვილმა და 11-0 საფრანგეთის წარმომადგენელი ილმან მუხტაროვის დამარცხების შემდეგ, მესამე საფეხურზე დაამთავრა ასპარეზობა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 79კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძე, რომელმაც 6-4 სძლია ბერძენ მეტოქეს.
65კგ წონაში, ასევე ბრინჯაოსთვის იასპარეზა გოდერძი ძებისაშვილმა, რომელიც გერმანელ ანდრე კლარკესთან 5-3 დამარცხდა.
ეს ყველაფერი იყო დღის ბოლოს, მანამდე კი, ქართველებმა კიდევ, 5 წონით კატეგორიაში სცადეს ძალები. ხვალ ბრინჯაოს მედლებისთვის შოთა ფარტენაძე (61 კგ) ; გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) იბრძოლებენ. გენო პეტრიაშვილი კი, რომელმაც ფინალში გასვლა მოახერხა, იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგებასაც შეძლებს 125 კგ წონით კატეგორიაში და ოლიმპიურ წელს საბოლოოდ განაცხადებს, რომ ის სულ უფრო უახლოვდება პარიზს და ოქროს. ყოველ შემთხვევაში გვინდა ამის გვჯეროდეს.
რაც შეეხება ბოლო წონით კატეგორიას, 86 კგ იყო, რომელშიც ვლადიმერ გამყრელიძე საკვალიფიკაციო ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას.
და ბოლოს რუმინეთში მიმდინარე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე, ხვალინდელ ფინალურ შეხვედრებამდე, საქართველოს ნაკრები გუნდურ პირველ ადგილზეა და წარმატებული ხვალინდელი დღის შემთხვევაში, კარგი შანსი აქვს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის გუნდური გამარჯვებული გახდეს.
ფოტო: ©UWW