ბაქოს გრან სლემის მეორე დღე ქართული გუნდისთვის საწყის ეტაპზევე დასრულდა. მეზობელ აზერბაიჯანში დღეს ძალები 7 ქართველმა 4 წონით კატეგორიაში სცადა.
-73 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ ორი ეტაპის გავლა შეძლო, თუმცა, 1/8 ფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვთან მესამე შიდო მიიღო და დამარცხებულად გამოცხადდა. რაც შეეხება მის მეტოქეს, ჰეიდაროვმა საბოლოოდ ბაქოს გრან სლემი მოიგო. ამავე წონაში დღეს მიხეილ ბახბახაშვილმაც იასპარეზა. ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და პირველივე ორთაბრძოლა წააგო ტაჯიკ აბუბაკრ შეროვთან წააგო. სხვათაშორის ტაჯიკი, ფინალში, სწორედ ჰეიდაროვთან დამარცხდა.
ორი ეტაპის გავლა მოახერხა -81კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალიშვილმა, რომელიც ტურნირის მასპინძელ ომარ რაჯაბლისთან 1/8 ფინალში დამარცხდა. რაც შეეხება კოტე კაპანაძეს ის, ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.
საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას ქალთა შორის -63კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რეგინა უთნელიშვილი. 21 წლის ქართველი ჯუდოკა გერმანელ აგატა შმიდტთან იპონით დამარცხდა.
კიდევ ორმა ქართველმა ქალმა სცადა ძალები დღეს ბაქოს ტატამზე. -70კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია პირველივე ეტაპზე დამარცხდა პოლონელ ელიზა ვრობლოვსკასთან. 19 წლის ნინო გულბანმა კი, პირველი წრე წარმატებულად გაიარა და მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენე მაია გოშენთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ხვალ, ბაქოს გრან სლემის ბოლო საასპარეზო დღეა. საქართველო 4 წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი:
90 კგ / აკაკი ჯაფარიძე, ბაქარ ერაშვილი
-100 კგ / ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
+100 კგ / შალვა გურეშიძე, გურამ თუშიშვილი
+78 კგ / სოფიო სომხიშვილი
ფოტო: ©IJF / Sabau Gabriela