ბაქოს გრან სლემის პირველ დღეს პირველი მედალი ეთოს ანგარიშზეა
ბაქოს გრან სლემის პირველ დღეს პირველი მედალი ეთოს ანგარიშზეა
16.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემის ბრინჯაო მოიგო. ქართველმა ჯუდოკა ქალმა, თემურ ნოზაძის მსგავსად, პირველი საასპარეზო დღის ფინალურ ბლოკში გასვლა მოახერხა და თემურისგან განსხვავებით, მედალიც მოიგო.

-57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე „ლიპომ", ბრინჯაოს ფინალში, სერბეთის წარმომადგენელ მარიცა პერიშიჩი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. თუმცა, რა დასამალია და ამ ვაზარამდე, ქართველს გდება არ შეუფასეს. ლიპარტელიანმა ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ბადის მოგებამდე გზად უზბეკი, აზერბაიჯანელი, თურქმენი სპორტსმენები დაამარცხა, თუმცა, ფინალისკენ გზად, 1/2 ფინალში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან კანადელ ქრისტა დეგუჩისთან მესამე შიდოთი დამარცხდა. საბოლოოდ, დეგუჩი წონის გამარჯვებული გახდა, ეთომ კი, ბრინჯაოს მედალი მოიგო.


ამავე წონაში ასპარეზობდა ნინო ლოლაძე, რომელიც მედლებისთვის ბრძოლას პირველივე წრეში კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან იპონით დამარცხდა.


ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა -60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძესაც, რომელმაც ბადის მოგება შეძლო და 1/2 ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა და ბრინჯაოს ფინალში გადაინაცვლა. იქ კი, უზბეკეთის წარმომადგენე დოსტონ რუჟიევთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. რაც შეეხება მხეიძეს, ქართველს ფინალურ დაპირისპირებაში აკრძალული ილეთის გამო წაგება ჩაუთვალეს.


ამავე წონაში იასპარეზა ამირან დარბაისელმაც. რომელიც -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კიდევ ორი ქართველის თორნიკე მაზიაშვილისა და გიორგი ოტიაშვილის მსგავსად, ასპარეზობას პირველი წრიდან გამოეთიშა.


სართო ჯამში, ბაქოს 2024 წლის გრან სლემზე საქართველო 20 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.


-60 კგ / ამირან დარბაისელი, თემურ ნოზაძე

-66 კგ / თორნიკე მაზიაშვილი, გიორგი ოტიაშვილი

-73 კგ / ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახაშვილი

-81კგ / კოტე კაპანაძე, ზაურ დვალიშვილი

-90 კგ / აკაკი ჯაფარიძე, ბაქარ ერაშვილი

-100 კგ / ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ / შალვა გურეშიძე, გურამ თუშიშვილი

-57 კგ / ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-63 კგ / რეგინა უთნელიშვილი

-70 კგ / მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი

+78 კგ / სოფიო სომხიშვილი



ფოტო: © IJF / Sabau Gabriela