საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ დღეს „თბილისი მერიოტში" ახალი მთავარი მწვრთნელი, სერბი ალეკსანდარ ჯიკიჩი წარადგინა. სიტყვის კაცი, მედიასთან ალალი და ღია, თუმცა, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, ორიენტირებული ახალგაზრდებზე, და ისევ თუმცა, ძველის კარგად და სწორი მიმართულებით გამოყენება შეუძლია. კიდევ არ უყვარს რადიკალური ცვლილებები და არც შეცდომების აღიარების მოერიდება, თუკი ასეთი იქნება - რამდენიმე სიტყვაში, თითქმის საათიანი პრეს-კონფერენციის შემდეგ, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე პირადად მე, სპორტულ ჟურნალისტს, რომელისთვისაც დამოუკიდებელი (თუმცა 80-იანებიდან მოყოლებული), ქართული საკალათბურთო ცხოვრება უცხო არ არის.
„ტრავმირებულები ერთ-ერთი პრობლემაა. დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. უფრო ახლოს დანიის თამაშია და ისინი (დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი), დანამდვილებით იქ არ იქნებიან. გეთანხმებით, დავუშვი რამდენიმე შეცდომა (ეს შეფასება ჯიკიჩმა ჟურნალისტის რჩევას მოჰყვა, მაგალითად ენახა „კავკასიის" მოთამაშე მაზიაშვილი), მაგრამ ამ ეტაპისთვის ასეა. მოხარული ვიქნები, რომ მოთამაშე, რომელიც აღნიშნეთ დამარწმუნებს საპირისპიროში და თავს, იმ ბიჭებზე უკეთ დამანახებს, რომლებიც ახლა არიან გამოძახებულნი. უნდა გაიგოთ, რომ ჩემს გადაწყვეტილებაში ნული ინტერესია. ვუყურე თამაშებს და ვესაუბრე კოლეგებს, რათა შემადგენლობის დასახელებისთვის შემეგროვებინა ინფორმაცია", - ამბობს ჯიკიჩი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელიც დიდი ალბათობით, ახალ შესარჩევ ციკლს, მეტ-ნაკლებად განახლებული შემადგენლობით დაიწყებს.
ახალი შესარჩევი ციკლისთვის პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე, როგორც ფედერაციის ვებ-გვერდმა დააანონსა და როგორც ჩვენ ვივარაუდეთ, გაფართოებული შემადგენლობის დასახელებისას, ამ ჯერზე სერბი, თანაშემწეების, მანუჩარ მარკოიშვილისა და ანატოლი ბოისას რეკომენდაციებს ენდო. შესაბამისად შეეცადა ენახა თამაშები, იმ ბიჭების მონაწილეობით, რომლებიც ახლა, უკვე, შეკრებაზე იმყოფებიან. ალბათ, ამ პირვანდელი გათლებით გაფართოებულ 23-კაციან შემადგენლობაში მოხვდნენ ტრავმირებული დუდა და რატიც. გამომდინარე იქიდან, რომ სანაკრებო კარიერის დასრულებას აპირებს, ამ ჯერზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშია გიორგიც ცინცაძეც, რომელიც ეროვნულის მაისურით ბოლო შეხვედრას 26 თებერვალს სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. თუმცა, დუდას და რატოს არყოფნაში, არაა გამორიცხული წილი დატვირთვა მასზე წამოვიდეს.
მედიასთან პირველ შეხედვაზე ჯიკიჩმა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც უკვე აქვს სახე და ხასიათი, რამდენად ფლობს ინფორმაციას, რა მოსწონს ან რის შეცვლას გეგმავდა (მისი ხედვა და მიზნები, ან სულაც მისია, რაც ფედერაციამ დაუსახა), შემდეგი გვიპასუხა: „არ მაქვს მისია და ხედვა... იცით, როდესაც უყურებ საქართველოს და ნებისმიერი გუნდის თამაშს ან წინა წლისას, ან ორი წლის წინანდელს, უნდა გაიგოთ, რომ ადამიანები „ბერდებიან". სასიამოვნო იყო ყურება, როგორ თამაშობდნენ ისინი ადრე. მაგალითად, თქვენი კოლეგის კითხვა რომ განვავრცოთ, მე შემიძლია ვუყურო ყველა თამაშს, მაგრამ არ ნიშნავს რომ ისინი (ძველები) გუნდში მოვიაზრო. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები მნიშნელოვანია. რა თქმა უნდა, დუდა და რატი არ მყავს მხედველობაში. ბიჭებს, საქმეში პირველად დანიაში ვნახავ. ასე, რომ ამ ეტაპზე იმის ლაპარაკი, თუ რა შემიძლია გუნდთან ერთად გავაკეთო... მინდა, ვიყო თქვენთან ალალი, ეს, მას შემდეგ მეცოდინება, რაც გუნდი შეიკრიბება. ასე რომ მერე ვნახავთ, მომავალში როგორ ვითამაშებთ. ვფიქრობ, არ უნდა იყოს სიურპრიზი, რომ დასაყრდენი მაინც შერმადინი და შენგელია იქნებიან. ასე, რომ რაიმეს შესაცვლელად არის დიდი და ძირეული შრომა გასაწევი და ეს არ არის ჩემი საყვარელი საქმიანობა. მე, მხოლოდ ვეცდები დავეხმარო სხვა ბიჭებს, გახდენენ გუნდისთვის მნიშვნელოვანი, რადგან გუნდი ცვალებადი ორგანიზმია. ახლა, რომ შეადარო ეს გუნდი, იმ გუნდს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა... ცოტა სერიოზულები, რომ ვიყოთ, ყოველთვის თქვენ, ჟურნალისტებმა, კარგად იცით ვინ როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრებში. ბევრი იმ ბიჭებიდან არ არის ჩვენთან უახლოეს „ფანჯარაში". შესაბამისად, სხვა ბიჭებს ეძლევათ შანსი და ვნახოთ, რა იქნება. არ ვიცი".
სერბმა ამ შეხვედრაზე გარკვევით მიგვანიშნა, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში „ისრები" ახალგაზრდებზე გადადის მაგალითად, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, შეკრებაზე გამოძახებულია და გამოქვეყნებული განაცხადის მიღმა არის 4 ახალგაზრდა კალათბურთელი - გიგი ნაცვლიშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ალავიძე და ავთანდილ ბახტაძე. მათი შეკრებაზე გამოძახება „ჩემი მოთხოვნით მოხდა"- ო ამბობს ჯიკიჩი. რომელიც არ მალავს, რომ მეორე და ცხადი მიზანი ევრობასკეტი 2025-ზე მოხვედრა არის. ალბათ, ახალი სახეებით, „წინ ვიყურებით"-ო.
„ახლა, ისე შორს არის ოლიმპიადის თემა. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ მომავალს. შემიძლია ისეთი რა გითხრათ, რომ გასიამოვნოთ, მაგრამ არ ვეკუთვნი ასეთ კატეგორიას. არ ვიძლევი დაპირებებს. მართლა მინდა განვაწყო გუნდი 2025-სთვის. არ ვიცით, როგორ ფორმაში ვიქნებით ივნისი-ივლისისთვის. სპორტში დიდი ხანია ხართ და უნდა გესმოდეთ, რომ ისე არაა ყველაფერი, როგორც გინდათ. ეს გადაჯაჭვულია პირდაპირი გაგებით ოპონენტებთან", - ამბობს ჯიკიჩი.
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 2024 წლის 2 ივლისამდე ანუ, ოლიმპიადის შესარჩევ ციკლამდე, ჩვენი გუნდის გეგმა გაწერილია. თუმცა, სამომავლოდ, სპარინგების დაგეგმვაზე, ფერერაცია აქტიურად მუშაობს, რა თქმა უნდა ახალ მწვრთნელთან შეთანხმებით, რომელიც მარტში, ამერიკაში გამგზავრებასა და გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილთან, ასევე კოლეჯთა ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელებთან შეხვედრებს გეგმავს.
„ველაპარაკე ბითაძეს, ახლა ვცდილობ სანდროსთან დაკავშირებას. მინდა მჯეროდეს, რომ მათ ესმით სრულად მნიშვნელობა, რა დატვირთვა აქვთ ეროვნული ნაკრებისთვის, ესმით, რას ნიშნავს, იყო ეროვნული ნაკრების მოთამაშე. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ისინი განსაკუთრებულ კონდიციაში იქნებიან და თან მომავალზეც მოუწევთ ფიქრი", - ამბობს ჯიკიჩი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნებული ადგილობრივი სუპერლიგის თამაშებზეც შეეცდება დასწრებას (სხვათა შორის, ბევრმა არ იცი, მაგრამ არც თუ შორეულ წარსულში ილიას ზუროსი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ჯიკიჩის წინამორბედი, ბევრ ქართველ ჟურნალისტზე მეტჯერ იყო ჩემპიონატის, თუ ტრადიციული ტურნირებისა და სათასო თამაშებზე დასწრებული) და ფედერაციასთან ერთად, ნაკრებისთვის სასარგებლო გეგმის შედგენას. „ბუნებრივია, ყველა თამაშის ცქერა შემიძლია, მათ შორის სტრიმების მეშვეობით, ამის პრობლემა არაა. ბევრმა არ იცით, მაგრამ მე მაქვს კომუნიკაცია „შერმო"-სთან, თოკოსთან, ბექასთან, ჯოსტთან... ვფიქრობ, ეს ურთიერთობა უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე თამაშების ყურება. გეთანხმებით, რომ მატჩების ცოცხლად ყურება კარგია, მაგრამ სულ თბილისში რომ ვიყო, სამ ადგილას ერთად ვერ ვიქნები. გუნდში ძალიან ბევრი ადამიანია, შესაძლოა მათ ვერ ხედავთ, მაგრამ ხალხი მუშაობს და მჯერა, რომ ეს კარგია" - ამბობს ჯიკიჩი.
და რადგან სიტყვამ მოიტანა, აქვე გეტყვით, რომ მცირე ცვლილებაა სამწვრთნელო შტაბშიც. ჯიკიჩს, ფიზმომზადებაში ასევე სერბი სპეციალისტი დაეხმარება. მარკოიშვილსა და ბოისის გარდა, გუნდში კიდევ ერთი ვაკანტური პოზიციაა, რომელის შერჩევის პრეროგატივაც ფედერაციამ ჯიკიჩს მიანდო.
მედიასთან შეხვედრისას და აქ, სტატიაშიც, რამდენჯერმე სახელი ჯო ვახსენეთ. ჯო ტომასონი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელია, რომელიც ახალი შესარჩევი ციკლიდან ქართველი გულშემატკივრის ერთ-ერთი ფავორიტის თად მაკფადენის ადგილს დაიკავებს.
„პირველ რიგში, კარგის მეტი არაფერი გამიგია თად მაკფადენზე. ყველას, ვისაც ვკითხე და შანსი მომეცა გავსაუბრებოდი, ამბობს, რომ ის იყო მნიშვნელოვანი. ჯოსან დაკავშირებით რა შემიძლია ვთქვა, როცა სწორი კადრის ძებნა დავიწყეთ. ერთი მომენტი, რაც უნდა იცოდეთ და ჩემთვის არ არის ამის გაზიარება პრობლემებთან დაკავშირებული, ისაა, რომ დიდი ხნის მანძილზე ბევრს დავაკვირდით. მათ სახელებს ახლა, არ დავასახელებ, მაგრამ ნატურალიზებულ კალათბურთელთან დაკავშირებით, ყველაზე კარგი არჩევანი გავაკეთეთ. იმ მონაცემებით, რასაც ვეძებდით, ჩვენ ის ვიპოვეთ. ეს არის მხოლოდ პროცესის დასაწყისი და ახლა, უნდა ვნახოთ საქმეში, გუნდელებთან ერთად პარკეტზე და თამაშს მიღმა. რასაც უნდა ვეცადოთ, არ განვსაჯოთ ის, პირველი ორი თამაშის შემდეგ. ყველა ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება მრავალი წლის გამოსავალი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჯომ მკითხა, როდის ვიწყებდით, როდესაც გაიგო, თქვა რომ იქ ვარო. „მაქაბისთან" მოწერილი ხელშეკრულების შემდეგ, ვითარება ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ის დანიაში გამგზავრებამდე შემოგვიერთდება. მჯერა, რომ მის სახელს პირველი გამოჩენის შემდეგ ყველა დაიმახსოვრებს", - ამბობს ჯიკიჩი.
ამერიკელ ლეგიონერთან დაკავშირებით კომენტარი ვიქტორ სანიკიძემაც გააკეთა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, იყო ბევრი კანდიდატი და აზრთა სხვადასხვაობა. საბოლოოდ კი, არჯევანი სწორედ, ჯო ტომასონზე შეჩერდა. „ყველას გვინდა, რომ ძლიერი და საუკეთესო გამთამაშებელი მოვძებნოთ, თუნდაც NBA-ს მოთამაშე, მაგრამ სამწუხაროდ, NBA-ს მოთამაშეს ვიცით, რომ შესარჩევზე ვერ გამოვიყენებთ, აქედან გამომდინარე, ასეთი მოთამაშის ნახვა, აზრს მოკლებულია. ამ მიზეზით ევროპაში უნდა მოგვეძებნა. პირველად ხდება, რომ თებერვლის ფანჯრის დროს, ევროლიგა ისვენებს. შესაბამისად, მოგვეცა შესაძლებლობა, ევროლიგის მოთამაშეც მოგვესინჯა. ევროლიგის ეს (თებერვლის) „ფანჯარა" ერთჯერადია და არავინ იცის, მომავალში რა იქნება - გვინდა საუკეთესო მოთამაშე და გვინდა რისკებიც დავაზღვიოთ, მოთამაშეს, ვისაც ავიყვანთ ნაკრებში, მინიმუმ ასეთ თამაშებზე გამოვიყენოთ. ამას გარდა, არის ნიუანსები, დეტალებში არ დაგღლით - ზოგს საერთოდ არ აქვს სურვილი ეროვნულ ნაკრებში თამაშის, ზოგს, თავისი გეგმები აქვს, ზაფხული მოდის, დასვენება უნდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ოპტიმალური ვარიანტი შეირჩა. ბევრს მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი შეთანხმება გაცილებით ადრე იყო, ვიდრე ის, თელ-ავივის „მაქაბიში" კონტრაქტს გააფორმებდა. თავად ფაქტი, რომ „მაქაბი" ამ მოთამაშით დაინტერესდა, მეტყველებს იმაზე, რაოდენ ძლიერი მოთამაშეა. მისასალმებელიც არის, რომ ჩვენს ნაკრებში ევროლიგის მოთამაშე იქნება. მეორეს მხრივ, მწვრთნელისთვის ეს ცოტა არასასიამოვნოა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ის დღეს, საქართველოში უნდა ყოფილიყო და იქნებოდა, კვლავ ესპანური კლუბში რომ ეთამაშა. მწვრთნელისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა, ჯოს, თავიდანვე გუნდთან ერთად ყოფბა, მეტი დრო ექნებოდათ შესათამაშებლად", - ამბობს სანიკიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის თებერვლის თვის თამაშებს, 23 თებერვალს დანიაში, 26-ში კი, თბილისში გამართავს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ.