ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს ორმა ქართველმა მედლების მოგება მოახერხა.
თავდაპირველად, 55კგ წონით კატეგორიაში, სადაც საქართველოს ორი წარმომადგენელი (რამინ შამილიშვილი და გოდერძი ბერდელიძე) ასპარეზობდა, წარმატებული დღე რამინ შამილიშვილისთვის გამოდგა. ქართველმა ატაცში სამივე ცდა 106 / 109 /111 წარმატებით დაძლია საქართველოს ნაკრების 2024 წლის ყულაბას პირველი მედალი მოუტანა. ამის შემდეგ, შამილიშვილმა აკვრაშიც წარმატებით იასპარეზა, დაძლია 126 / 130 კილოგრამი და მე-4 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ, ქართველმა ორჭიდში 241 კილოგრამი დააგროვა და ვერცხლის მედალთან ერთად ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.
გოდერძი ბერდელიძემ, ატაცში თავი 107 კილოგრამს გაართვა და მხოლოდ 1 საფეხური დააკლდა საპრიზო ადგილამდე, აკვრაში კი, 123 კილოგრამი დაძლია რაც მხოლოდ, მე-8 საფეხურისთვის გამოდგა საკმარისი. საბოლოოდ, ორჭიდში მოგროვილი 230 კილოგრამით მე-6 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
დღის ბოლოს, კიდევ ერთი ქართველი გამოვიდა სოფიის ფიცარნაგზე. 61კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ საქართველოს ნაკრებს მორიგი მედლები შემატა. ატაცში 121 / 125 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თავი 143 / 147 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა. ორჭიდში მოგროვილი 272 კილოგრამით, მიშველაძემ საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე, 67კგ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე ჩაერთვება.
აქვე გეტყვით, რომ სოფიაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები ერიცხებათ სპორტსმენებს.
ფოტო: (c) საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია