ქართული ჰიმნი არ აჟღერებულა, თუმცა, ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქართულ მოტივებზე დასრულდა. ლერი აბულაძეს, რომელმაც 2023 წელს „დუბლი" შეასრულა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ევროპის საუკეთესო მოჭიდავედაც დასახელდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
დღესვე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა პირველი მედალი მოიგეს. 77კგ წონით კატეგორიაში, იური ლომაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ფალავანი ხორვატ ანტონიო კამენიასევიჩს დამაჯერებლად, 8-0 მოუგო.
„ოლიმპიური წონაა, შესაბამისად ამ გამარჯვებამ ერთი ნაბიჯით წინ წამწია და თვითრწმენა შემმატა. წელს, მთავარი მიზანი ოლიმპიური ლიცენზია და თამაშებზე მოხვედრაა და იმედია, ამ ყველაფერს შევძლებ", - ამბობს იური ლომაძე შეჯიბრის დასრულების შემდეგ.
ევროპის ჩემპიონატზე, მესამე ადგილის მოპოვების შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან იაკობ ქაჯაიასაც. თუმცა, იტალიის სახელით მოასპარეზე დანილა სოტნიკოვთან 9-3 დამარცხდა.
ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ხუთმა წევრმა იასპარეზა. ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა დარჩენილ წონით კატეგორიებში 60კგ, 67კგ, 72კგ, 82კგ და 97კგ იასპარეზეს. შესაბამისად, ხალიჩაზე ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) გამოვიდნენ. მათგან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი, მხოლოდ გიორგი ჩხიკვაძე და გელა ბოლქვაძე შეინარჩუნეს, რომლებმაც რეპეშაჟში გადაინაცვლეს.
ფოტო: © ჭიდაობის ფედერაცია / © UWW