14 თებერვალს, „თბილისი მერიოტში" საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ალეკსანდარ ჯიკიჩს წარადგენს. მანამდე, ერთი დღით ადრე, 13 თებერვლიდან, ქართული გუნდი ახალი შესარჩევი ციკლისთვის მზადებას, თბილისში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში დაიწყებს.
აღნიშნული შეკრებისთვის და შესაბამისად, თებერვლის ორი შესარჩევი მატჩისთვის, რომელსაც, საქართველოს ნაკრები 23 და 26 რიცხვში გამართავს, ალეკსანდარ ჯიკიჩმა სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, ანატოლი ბოისასა და მანუჩარ მარკოიშვილთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ 22-კაციანი სანაკრებო სია „ჩამოწერა". ახალი მთავარი მწვრთნელის თვალსაწიერში მოხვდნენ უკანახაზელები: გიორგი ციცნაძე (თსუ), რატი ანდრონიკაშვილი („სარაგოსა", ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე („დელტა გურჯაანი"), რევაზ როგავა („ბათუმი"), გიორგი ოჩხიკიძე („ქუთაისი"), ჯოზებ ტომასონი („მაქაბი" თელ ავივი, ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვსა), დუდა სანაძე („ავტომერომუ სე პაკსი", უნგრეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი (ორივე „კავკასია"); ფორვარდები: კახაბერ ჯინჭარაძე (თსუ), ოთარ ბულიავა („ბათუმი"), თორნიკე შენგელია („ვირტუსი ბოლონია", იტალია), ბექა ბურჯანაძე („კორონა", ესპანეთი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ნიკა დარბაიძე („დელტა გურჯაანი"), გუგა პატაშური („რუსთავი"); ცენტრი: გიორგი შერმადინი („ლენოვო ტენერიფე" ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე, ბექა ბექაური (ორივე „დელტა გურჯაანი"), ილია ლონდარიძე („კავკასია"), გიორგი ბაქრაძე („ივერიონი").
როგორც ხედავთ, თითქმის გადახალისებულ ნაკრებში, აღარ არის ნატურალიზებული ლეგიონერი თად მაკფადენი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასა და მუნდიალზე საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრაში დაეხმარა. ამასთან, ალბათ არ ვიქნებით გადამეტებული ჩვენს შეფასებაში, თუ ვიტყვით, რომ თადი, ქართველ ქომაგებს შორის განსაკუთრებული სიყვარულითა და სიმპათიით სარგებლობდა. იმედია, მისი შემცვლელი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი ჯოზეფ (ჯო) ტომასონიც მალევე დაიმსახურებს ქართული, პრეტენზიული ქომაგის ნდობას.
აღსანიშნავია, რომ გუნდს ლეგიონერთა უმეტესობა მოგვიანებით შეუერთდება, პირველ საწვრთნელ პროცესს კი, სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელებით დაიწყებს. საბოლოოდ 19 თებერვალს ამ შემადგენლობიდან აირჩევიან ის კალათბურთელები, რომლებიც უშუალოდ თებერვლის ბოლოს დაგეგმილ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას. აქვე, შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თამაშებში მონაწილეობას ოკეანეს გადაღმა მყოფი ლეგიონერები ვერ მოახერხებენ.
სხვათა შორის, იმის გათვალისწინებით, რომ რატი ანდრონიკაშვილმა ახალ გუნდში სადებიუტო თამაში დროს ტრავმა მიიღო და დუდა სანაძეც ჯერ ბოლომდე არ არის რეაბილიტირებული, საკითხავია, ნაკრების ძირითადი ბირთვის ეს ორი მოთამაშე, მოხვდება თუ არა საბოლოო შემადგენლობაში და თუ მოხვდება, რამდენად დატვირთავენ მათ მწვრთნელები. სხვათა შორის ისევე, როგორც ბუს - შეგახსენებთ, რომ ცინცაძე, სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს და გამოსამშვიდობებელ შეხვედრას, სწორედ თებერვლის ფანჯრის დროს, თბილისში ჩაატარებს, სერბეთის წინააღმდეგ.
და ბოლოს, საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს სტუმრად დანიას, 26-ში კი თბილისი არენაზე, სერბეთს შეხვდება.